აქცია კაზინო "შანგრელას" დემონტაჟის მოთხოვნით

აქცია კაზინო "შანგრელას" დემონტაჟის მოთხოვნით

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი" საპატრიარქოსთან მდებარე კაზინო "შანგრილას" დემონტაჟს მოითხოვს. 

 

ამ მოთხოვნით ორგანიზაციამ კაზინოსთან აქცია გამართა, რომელშიც რიგითი მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. მათი თქმით, დაუშვებელია სიონთან და საპატრიარქოსთან ახლოს კაზინოს არსებობა და თუ უახლოეს ხანში მისი დემონტაჟი არ განხორციელდება, აქციები გაგრძელდება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 

 

ამ მოთხოვნის გარდა, აქციის ორგანიზატორები საინფორმაციო საშუალებებში სათამაშო ბიზნესის რეკლამების აკრძალვას, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მის მკვეთრად შეზღუდვას მოითხოვდნენ. 

ამავდროულად, ისინი არ გამორიცხავენ, სათამაშო ბიზნესის მხოლოდ ისეთ ტერიტორიაზე დაშვებას, სადაც ეკონომიკური განვითარების დონე მაღალია. 

 

ამ მოთხოვნებით ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრის სახელზე პეტიცია შეადგინა და ბიძინა ივანიშვილს უკვე გაუგზავნა. მათი თქმით, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის რეკლამირება, თუ გარკვეული ზონები გამოიყოფა, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია. 

 

ორგანიზაციამ პეტიცია თბილისის მერის, გიგი უგულავას სახელზეც შეადგინა, რომელიც დედაქალაქის მერს გაეგზავნება13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს.. როგორც პეტიციაშია ნათქვამი, ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის დაწესებულების ფუნქციონირება დაუშვებელია და შეურაცხყოფს როგორც მართლმადიდებლობასა და ეკლესიას, ასევე მეტეხის ხიდთან სარწმუნოებისთვის თავგანწირულ  ასი ათას მოწამეს. პეტიციაში ასევე აღნიშნულია, რომ სამორინე, როგორც ნაგებობა, სრულიად უსახურია და არ შეესაბამება ძველი თბილისის არქიტექტურულ სტილს. 

 

აქციის ორგანიზატორები კაზინოში მყოფ მოქალაქეებსაც მოუწოდებდნენ  გარეთ გამოსვლისა და აქციაში მონაწილეობისკენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: