"ენერგო პრო ჯორჯია" : " მესტიის რაიონის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება"
მესტიის რაიონის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ამის შესახებ კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.
"ენერგო–პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური კვლავ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა ოპერატიულად მოახდინოს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. განსაკუთრებით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უშგულს, რომელიც ათეულობით კილომეტრით არის დაშორებული მესტიის რაიონული ცენტრიდან. მიუხედავად იმისა, რომ დიდთოვლობის გამო, დაზიანების ადგილამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილია, კომპანიის თანამშრომლები ფეხით და ზოგიერთ შემთხვევაში თხილამურებით აღწევენ დაზიანების უბნებს. იმის გამო, რომ ტექნიკით სარემონტო სამუშაოების წარმოება ვერ ხერხდება, რეაბილიტაცია საჭიროებს უფრო მეტ დროს", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.