კონფერენციაზე "ევროპის განვითარების წელი" საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა
"ევროპის განვითარების წელი" - ასე ჰქვია საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც 9 იანვარს რიგაში ოფიციალურად გაიხსნება.
კონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა.
ღონისძიებას ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი გახსნიან.
კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ იმ თანამშრომლობაზე, რომელიც აუცილებელია მსოფლიოს განვითარების გზაზე და განიხილავენ ზომებს, რომლებიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ,,ევროპის განვითარების წლის" ფარგლებში უნდა მიიღონ.
საქართველოს მთავრობის მეთაური საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიიღებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსთან, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე შედიან.