ედუარდ შევარდნაძე: ჩემი სასჯელი უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე სააკაშვილის!
ედუარდ შევარდნაძე "ბრეჟნევის ეპოქას" იხსენებს და ამბობს, რომ ბრეჟნევს ძალიან უყვარდა საქართველო და ქართველები. მისი კეთილგანწყობის წყალობით, საქართველო ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკებს შორის ყველაზე კარგად ცხოვრობდა. ბრეჟნევის დამსახურება იყო ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის შენარჩუნებაც. "რომ არა ბრეჟნევი, მაშინ ეს პროცესი შეიძლება სხვაგვარად დასრულებულიყო", _ აცხადებს შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
შევარდნაძე დღევანდელ პროცესებსაც ეხმიანება. ამბობს, რომ სიმართლის თქმისა და დამნაშავეთა დასჯის დრო დადგა. იგი საკმაოდ კრიტიკული და შეუბრალებელია სააკაშვილის მიმართ და მთელ პასუხისმგებლობას მას აკისრებს: "რაც უკანონობა ხდებოდა ქვეყანაში, ყველაფრის უკან სააკაშვილი იდგა", _ ამბობს იგი და დასძენს: "რა ეგონათ მაინც, რამდენ დანაშაულს ჩაიდენდნენ და შერჩებოდათ?" მისი აზრით, ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და სააკაშვილსაც და შევარდნაძესაც საკადრისს მიუზღავს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მისი სასჯელი უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე სააკაშვილის. მით უმეტეს, მან თავისი შეცდომები უკვე მოინანია. ჟურნალისტის კითხვაზე, სააკაშვილი რომ დაგვიტოვეთ მემკვიდრედ, ამას თუ შეგინდობთ ქართული საზოგადოება, შევარდნაძე მოკლედ პასუხობს: უნდა მაპატიონ!
ისტორია მართლაც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ჩვენ მიტევებაც შეგვიძლია და პატიებაც, მაგრსამ ერის წინაშე ჩადენილი დანაშაული არავის არ უნდა ეპატიოს, რომ მათმა მემკვიდრეებმა უფრო მძიმე დანაშაული არ ჩაიდინონ!