გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები ამოქმედდება
2015 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება ახალი კანონი სახელწოდებით "ნარჩენების მართვის კოდექსი". კანონი საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური, სამშენებლო და სხვა ნარჩენების მოძრაობის, დასაწყობების, გადატვირთვის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების საკითხებს არეგულირებს. კოდექსში გაწერილი შესაბამისი რეგულაციების გამოყენებით გარემოს ნარჩენებით დაბინძურება აღარ მოხდება.
"ნარჩენების მართვის კოდექსი"-ს თანახმად, დაჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც ფანჯრიდან გადაყრიან სხვადასხვა სახის ნარჩენებს, იქნება ეს სიგარეტის ნამწვი, კვების პროდუქტის ნარჩენები თუ სხვა. საპატრულო პოლიცია არის ზედამხედველი ორგანო, რომელიც აღნიშნულ სამართალდარღვევას აღკვეთს. ჯარიმის ოდენობა 120 ლარს შეადგენს.
საპატრულო პოლიცია ასევე მოახდენს შესაბამის რეაგირებას, როცა მოქალაქის მხრიდან ნარჩენების უტილიზაციის მცდელობა იქნება ამისთვის არადადგენილ ადგილზე ან არადადგენილი წესით.