გიორგი გაბაშვილი: "მოვუწოდებთ დავით უსუფაშვილს საყდრისთან დაკავშირებით დეპუტატების შეხვედრას ორგანიზება გაუკეთოს"
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, წინა სასესიო წელი იმით დასრულდა, რომ საქართველოს პარლამენტს ეყო გამბედაობა და საღი აზრი იმისთვის, რათა გადაეწყვიტა საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა.
"გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა დარჩენილია ერთი რამ, რომ ეს კომისია პრაქტიკულად შეიქმნას, ჩამოყალიბდეს შემადგენლობა და კომისია შეუდგეს მუშაობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ ეტაპზე შეიძლება იყოს სირთულეები და ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, მოაწყოს შეხვედრა, სადაც შევიკრიბებით უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები და ვიმსჯელებთ პრაქტიკულად კომისიის შექმნასა და მუშაობის დაწყებაზე.
გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამ გადაწყვეტილების შეცვლა და ტორპედირება, იმ გზით რომ კომისია საერთოდ არ ჩამოყალიბდეს, იქნება ძალიან დიდი უხერხულობა და სირცხვილი პარლამენტისთვის. იმისთვის, რომ ეს ძალიან არასასურველი განვითარება ავიცილოთ თავიდან მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ძალიან მალე მოახერხოს შეხვედრის ორგანიზება, სადაც პრაქტიკულად ჩამოვყალიბდებით კომისიის შემადგენლობის და თავმჯდომარის შესახებ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვართ მოქნილები, ამოჩემებული იდეები არ გვაქვს და შეხვედრის ორგანიზებასაც არაფერი უდგას წინ, რომ კომისიამ პრაქტიკულად მუშაობა დაიწყოს. შესაბამისად, გვინდა ახლავე მოვუწოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს შედგეს ასეთი შეხვედრა", -განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.