ჩხარტიშვილის პრესმდივანი "რუსთავი-2"-ის ღია და ფარულ მეპატრონეებს მიმართავს

ჩხარტიშვილის პრესმდივანი "რუსთავი-2"-ის ღია და ფარულ მეპატრონეებს მიმართავს

ვანო ჩხარტიშვილის პრესმდივანი გიორგი გიორგაძე "რუსთავი-2"-ის ღია და ფარულ მეპატრონეებს მიმართავს და მოითხოვს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-მა გამოაქვეყნოს ეს საჯარო განცხადება, რომელიც 9 ნოემბერს ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ ვიდეოპასკვილს ეხმიანება. პრესმდივნის თქმით, იგი გაჯერებულია ბიზნესმენ "ვანო ჩხარტიშვილის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი მტკიცებით ფორმაში გაკეთებული სრულიად უსაფუძვლო და შეთითხნული ბრალდებებით".


"ივერიონი" მიმართვის სრულ ტექსტს გთავაზობთ.


"პარასკევს, 9 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-მა ტირაჟირება გაუკეთა სოციალურ ქსელში ანონიმურად გავრცელებულ ვიდეოპასკვილს, რომელიც თავიდან ბოლომდე გაჯერებული იყო ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი მტკიცებით ფორმაში გაკეთებული სრულიად უსაფუძვლო და შეთითხნილი ბრალდებებით.


მოვითხოვთ, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის ღია და ფარული მფლობელების ლევან და გიორგი ყარამანაშვილების, გიორგი გეგეშიძის, ასევე, "რუსთავი-2"-ის სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელი გიგი უგულავასგან, ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელს დაეთმოს იგივე მოცულობის საეთერო დრო საინფორმაციო პროგრამა "კურიერის" იმავე გამოშვებებში, რათა უაპელაციოდ და უარგუმენტოდ ღირსებაშელახულ მხარეს მიეცეს საშუალება, საზოგადოებას აუხსნას, თუ რას ემსახურებოდა "რუსთავი-2"-ის მიერ შეგნებულად გავრცელებული ეს ანონიმური ვიდეოპასკვილი, რეალურად რაშია საქმე, ვინ დგას ამ ბინძურ პროვოკაციული კამპანიის უკან, კიდევ რა აქვთ დაგეგმილი და რას ისახავენ მიზნად.


აქვე აღვნიშნავთ, რომ "რუსთავი-2"-ის მხრიდან ამგვარი მოქმედება არც ჩვენს და, ვფიქრობთ, არც საზოგადოების გაოცებას არ იწვევს, თუმცა, გაკვირვების განცდას ნამდვილად  ტოვებს, რამდენადაც, ტელეკომპანია, რომელიც ფორმალურად მაინც პრეტენზიას აცხადებს აკადემიურობასა და ჟურნალისტური სტანდარტებისადმი ერთგულებაზე, ანონიმური ვიდეოპასკვილების ტირაჟირებას უაპელაციოდ და მეორე მხარის პოზიციის წარმოჩენის გარეშე არ უნდა ახდენდეს.


იმ შემთხვევაში, თუკი 12 ნოემბრამდე "რუსთავი-2" ჩვენს ამ საჯარო განცხადებას ასევე საჯაროდ, დადებითად არ გამოეხმაურება, ბუნებრივია, ჩვენი მხარე გამოიყენებს ყველა კანონიერ და სამართლებრივ ბერკეტს, რათა პასუხი მოსთხოვოს სამაუწყებლო კომპანიას პატივისა და ღირსების შემლახავი ვიდეოპასკვილის გავრცელების გამო."

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: