რატომ ურჩევს პირველი ლეიბორისტი ბიძინა ივანიშვილს ფელიქს ძერჟინსკის მიბაძოს
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ქრონიკასთან" საუბარში აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილსთვის კლასობრივ მტერს წარმოადგენს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მისი პარტიის გაძლიერებას ყოველთვის შეუშლის ხელს ვინაიდან, ივანიშვილმა იცის, რომ ლეიბორისტული პარტიის გაძლიერების შემთხვევაში პოლიტიკაში ყოფნის შესაძლებლობას დაკარგავს.
"ეს კაცი გამოდის და ლაპარაკობს იმაზე, როგორ გაზარდა საკუთარი ხელით ზვიგენი. იმას კი არ ამბობს, მილიარდელმა ერთი უპატრონო ბავშვი ავიყვანე და გავზარდეო. რა უნდა ელაპარაკო ამის შემდეგ, როცა ამდენი ბავშვი მათხოვრობს ქუჩაში? როცა ამდენი ბავშვი მორიგეობს რესტორნების კუპეებთან, მისი ძმაკაცი მილიონერები ჭამას რომ დაამთავრებენ, შეიძლება ერთი ლარი მაინც გაიმეტონ? ძერჟინსკი, რომელიც ჩეკას მდივანი იყო და ხალხს ხვრეტდა, ისტორიაში შევიდა როგორც უპატრონო ბავშვების გადამრჩენი. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლა-ინტერნატები გახსნა და პირადად კურირებდა. მაგრამ ივანიშვილი ხომ ამაღლებული მოვლენაა და მოკვდავისათვის დამახასიათებელი პრობლემები მას არ ეხება"