ირაკლი ღარიბაშვილი:"საქართველოს ხელსაყრელი გარემო და უდავო უპირატესობები აქვს ბიზნესსაქმიანობისთვის"

ირაკლი ღარიბაშვილი:"საქართველოს ხელსაყრელი გარემო და უდავო უპირატესობები აქვს ბიზნესსაქმიანობისთვის"

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე საქართველოში ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, 2015 წელს საქართველოში  ეკონომიკის ზრდა 5% მიაღწევს, ასევე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებიც ჰქონდეს.

"ესტონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებას. ესტონეთი, ისევე როგორც საქართველო, დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ მან ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია. ესტონეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ინოვაციების კუთხით. ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ასეთი დინამიკური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ბაზარი სრულიად ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის.

"საქართველოს ბაზარი სრულიად ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის, და განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მუშაობის აბსოლუტურად თანაბარი პირობები აქვთ შექმნილი. ჩვენ შევქმენით თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, რაც აისახა კიდეც საერთაშორისო რეიტინგებში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5% მიაღწევს. მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრის Haritage Foundation-ის ბოლო მონაცემებით, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში და, წინა პერიოდთან შედარებით, შედეგები გაუმჯობესებული აქვს ათიდან ექვს კატეგორიაში, რომელთა შორისაა საჯარო ფინანსების მართვა, აგრეთვე საინვესტიციო გარემოს თავისუფლება და კერძო საკუთრების უფლების დაცულობა. იმავე გამოკითხვის თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა რეგიონის 43 ქვეყანას შორის და ჩვენი შედეგები ბევრად აღემატება ინდექსის საშუალო მაჩვენებელს. ამ კუთხით ესტონეთი მე-11 ადგილზეა და ის მისაბაძია საქართველოსათვის", - აღნიშნა პრემიერმა.

 პრემიერის განცხადებით,  2014 წელს ასევე გაუმჯობესდა ეკონომიკური მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგის -  „Fitch" და „Moody's"-ს  მიხედვით.

"აღსანიშნავია ისიც, რომ კორუფციის რისკების მიხედვით, საქართველო მე-11 ადგილზეა და უსწრებს ბევრ განვითარებულ ქვეყანას. გარდა იმისა, რომ საქართველოს ხელსაყრელი გარემო და უდავო უპირატესობები აქვს ბიზნესსაქმიანობისთვის, იგი განსაკუთრებული ადგილმდებარეობითაც გამოირჩევა. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა, ისევე როგორც ესტონეთისა, მცირერიცხოვანია, რაც შეიძლება, ერთი შეხედვით, მომგებიან ბაზრად არ აღიქმებოდეს, სულ სხვა სურათს დავინახავთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის რეგიონალური ცენტრია. საქართველო არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ცენტრი გახლავთ, არამედ ის ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის - დასავლეთისა და აღმოსავლეთის ერთგვარი დამაკავშირებელიცაა. ეს კი უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია", - განაცხდა ღარიბაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: