"ადამიანი კანონი თავისუფლება" ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს
ორგანიზაციაში "ადამიანი კანონი თავისუფლება" მიაჩნიათ, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთის კონსტიტუციური უფლება მხოლოდ სასამართლოს გააჩნია, აქედან გამომდინარე გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა სასამართლოს პატიმართა პირობით ვადამდე განთავისუფლების უფლებამოსილება.
მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების, ან მოსახდელი სასჯელის ნაწილის უფრო მსუბუქით შეცვლის დისკრეციული უფლება უნდა ჰქონდეს სასამართლოს, როგორც სასჯელის მოხსნის ან შემცირების უფლებამოსილ ორგანოს, თუმცა უნდა განისაზღვროს არსებულ მოცემულობაში რამდენად შეუძლია სასამართლოს იტვირთოს აღნიშნული ვალდებულება. ამავდროულად უნდა არსებობდეს ინდივიდუალური მიდგომა და სასჯელის ინდივიდუალური გეგმა.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ არსებობს ალტერნატიული მეთოდიც, რაც გულისხმობს კანონით განსაზღვრული სასჯელის სიმძიმისა და ხანდაზმულობის კრიტერიუმების გათვალისწინებით ავტომატური პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების სისტემის ჩამოყალიბებას. ანალიზის და ორგანიზაციის წარმომადგენლების პენიტენციალურ სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებამ ცხადყო, რომ 1 ან 2 წლით მეტი ვადით დაჰყოფს თუ არა პატიმარი დაზესებულებაში, ამას მისი ცნობიერების და მენტალური მიდგომის შეცვლაზე გავლენა არ აქვს. ამდენად ამ მეთოდით თავიდან ავიცილებთ შერჩევით და არამართებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო სახელმწიფოც ყველა პირობით ვადამდე განთავისუფლებული პირის მიმართ შეინარჩუნებს კონტროლს, რადგან პირობითი მსჯავრი თავისთავში ისედაც გულისხმობს მსუბუქი სასჯელის სახეს, რა დროსაც პრობაციონერი მკაცრად კონტროლდება და განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში, როგორც ახლადჩადენილ დანაშაულზე მიეცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში გარკვეული სასჯელით, ასევე "გაუცოცხლდება" პირობითი მსჯავრი სრულად.