ნინო გოგუაძე: "ეს ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი ლობირებაა"
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი რეალურად წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლობისტ კომიტეტს. აღნიშნული განცხადებით "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე "სისხლის სამართლის კოლექსში" დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.
"ეს ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი ლობირებაა. ძალიან განვიცდი, რომ ამ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ გვყავს, ის წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლობისტ კომიტეტს", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მისივე თქმით, დაუჯერებელი ინიციატივაა, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების ეგიდით მოსული პოლიტიკური ძალა ასეთ ცვლილებებს წარადგენდა.
"ეს არის დაუჯერებელი ინიციატივა, ნამდვილად არ ველოდი, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების ეგიდით მოსული პოლიტიკური ძალა ასეთ ცვლილებებს შემოგვთავაზებდა, მთელი ცივილიზებული სამყარო მიდის იმ მიმართულებით, რომ ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და მაქსიმალურად დაცული იყოს სწორედ ძალოვანი უწყებების მხრიდან. ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ კონკრეტული ჩარჩო, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.