"პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებას აფრთხილებს!

"პატრიოტთა ალიანსი"  ხელისუფლებას აფრთხილებს!

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "ფეისბუქში" გამაფრთხილებელი აქციის შესახებ წერს. მისი თქმით აქცია, ხვალ, 16:00 საათზე პროკურატურის წინ გაიმართება და მასზე საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში არსებული ვითარების გამოძიების მოთხოვნის საკითხი დადგება.

 

ხვალვე აქციის წევრები მთავარი პროკურორის სახელზე შეიტანენ განცხადებას და ვრცელ დოკუმენტურ (აუდიო-ვიდეო) მასალას.

 

" ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია. 2015 წლის 14 იანვარს, დღის 4 საათზე მთავარი პროკურატურის წინ ( ორთაჭალაში) ვიკრიბებით, მოთხოვნით- სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, რა ხდება საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში. გამოვლინდნენ დამნაშავეები. მთავარი პროკურორის სახელზე შევიტანთ განცხადებას და ვრცელ დოკუმენტურ ( აუდიო-ვიდეო) მასალას. ველოდებით ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც გული სტკივა საქართველოს ეროვნულ საგანძურზე."

ეროვნული საგანძური საფრთხეშია. ვიცი, როცა ამ ფრაზას ვწერ, უამრავ ადამიანს ებადება კითხვა: რა ხდება?! განა, მუზეუმებში არაა დაცული ჩვენი ეროვნული საგანძური?! განა, სათანადო საცავებში არა განთავსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა?! განა, სახელმწიფო არ ზრუნავს ეროვნული საგანძურის დაცვაზე? და ნაჩქარევი დასკვა: ალბათ, აზვიადებენ. არადა, როგორ მინდა, რომ მეჩვენებოდეს, არ მქონდეს ინფორმაცია და ვაზვიადებდე. მინდა, მაგრამ ასე არაა... უამრავი ჟურნალისტური, საგამოძიებო მასალა არსებობს იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა და რა ხდება საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში ბოლო წლების მანძილზე. ჩვენი ინფორმაციის თანახმად, მუზეუმების დიდი ნაწილი გაძარცვულია. მთელი რიგი ნივთებია გამქრალი ეროვნული საგანძურიდან, მისი ოქროს ფონდიდან. საცავების ინვენტარიზაცია წლების მანძილზე არ ჩატარებულა. ეროვნული საგანძურის მცველი ხელოვნებათმცოდნეების ნაწილს დაკავებული თანამდებობა დაატოვებინეს, ნაწილი... უფრო მებრძოლი და აქტიური, რომელიც არსებული ვითარებას არ ეგუება, უახლოეს მომავალში მოჰყვება "რეპრესიაში", მაგრამ , ცხადია, ეს ე.წ. "რეორგანიზაციის" სახელით მოხდება. საგანძურის ის მცველები არავის სჭირდება, რომლებმაც ყველა ნივთის ისტორია და აღწერილობა ზეპირად იციან და რომლებიც ამ ნივთებს ისე უფრთხილდებოდნენ, როგორც ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნას ეკადრება. ხელოვნების, თუ სხვა მუზეუმები ამ ტიპის თანამშრომლებისაგან უნდა გაიწმინდოს. და ეს პროცესი ისე ჩუმად მიმდინარეობს, რომ ვერც საზოგადოებას ესმის, რა ტრაგედიას აქვს ადგილი და დიდი ნაწილიც ვერ იჯერებს, რომ ეროვნულ საგანძურს რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება. ასე იყო მაშინაც, როცა სვანეთის საგანძური ე.წ. კონტეინერებში ჩაყარეს. რამდენიმე ათეული ადამიანი იღებდა ხმას. დანარჩენი საზოგადოება გვაკრიტიკებდა, რატომ აზვიადებთ, სვანეთის საგანძური ახალ მუზეუმში გადააქვთო... არადა, უნიკალური ნივთები ყინვასა და თოვლში ზიანდებოდა და ვითომ არაფერი... ნინო მიქიაშვილის ჟურნალისტური გამოძების, ნინოს და ჩვენი ერთობლივი აქტიურობის შედეგად, სხვანეთის საგანძური გადარჩა. თუმცა, არავის შეუსწავლია, რა სახის დაზიანება მიიღო ამ ნიმუშებმა. ცხადია, არც დამნაშავეები დაუსჯია ვინმეს. ახლა გეუბნებით, რომ ეროვნულ საგანძურს საფრთხე ემუქრება, ბევრი ნივთი უკვალოდაა გამქრალი, საჭიროა გამოძიების დაწყება, მუზეუმებში არსებული ვითარების შესწავლა, ოქროს ფონდის და სხვა ფონდების ინვენტარიზაცია. 2012 წელს აუდიტის სამსახურმა დასკვნა მოამზადა, რომელშიც მუზეუმებსა და საცავები არსებული სავალალო ვითარება აისახა. "დანაშაულის გარკვეული ნიშნები გამოიკვეთა და საქმე პროკურატურაში გადავაგზავნეთო". 2013 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოგვწერა, რომ მიიღო აუდიტის სამსახურის დასკვნა და დაიწყეს გამოძიება, მაგრამ შედეგი უცნობია. რომ დაიწყე, კარგია, მაგრამ როგორ დაასრულე, იქნებ დაგვდო პატივი და გვითხრა... ან დაასრულე თუ არა, საერთოდ. ორი წელი გავიდა... ამასობაში, კიდევ რა ნივთები (კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები) გაქრა, თუ დაზიანდა, არავინ იცის.

2015 წლის 14 იანვარს, დღის 4 საათზე მთავარი პროკურატურის წინ ვიკრიბებით, მოთხოვნით- სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, რა ხდება საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში. გამოვლინდნენ დამნაშავეები. ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია. მთავარი პროკურორის სახელზე შევიტანთ განცხადებას და ვრცელ დოკუმენტურ ( აუდიო-ვიდეო) მასალას. ველოდებით ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც გული სტკივა საქართველოს ეროვნულ საგანძურზე".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: