გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე დაინიშნა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მთავრობაში კიდევ ერთი ქართველის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სააკაშვილის თქმით, გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე დაინიშნა.
"გია ჩემი თანამოაზრეა და მთელი ეს წლები ჩემი ახლო მრჩეველი იყო. ბოლო უკრაინულ მოვლენებშიც ერთად ვმონაწილეობდით. ის უკრაინაში ჩვენი ყოფილი თანამშრომლების მთელ გუნდთან ერთად ინიშნება და უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება დაევალება. ჩვენ წინასწარ განვიხილეთ ეს გადაწყვეტილება და იმ დასკვნამდე მივედით, რომ უკრაინის წარმატება უფრო სწრაფად დააძლევინებს დროებით სიძნელეებს ჩვენს ქვეყანასაც. ერთი ისაა დასანანი, რომ საქართველო არა მხოლოდ მართვის საუკეთესო სპეციალისტებს, არამედ დროსაც კარგავს," - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გია გეწაძე, 2003 წელს იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს, ასევე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში.