დავით ფერაძე: თამარ სანიკიძე უკვე გაკოტრებულია და მისი მინისტრობაც კრახით დამთავრდება!
„ივერიონს“ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ფერაძე ესაუბრება.
- ბატონო დავით, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა ერთგვარი კრეატიული საპროტესტო ინტერნეტაქცია წამოიწყო, რა შედეგის მიღწევას აპირებთ ამით?
- გეტყვით. ჩვენს ფესიბუქგვერდზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ფოტო დავდეთ წარწერით: ”ნეპოტიზმი, უხელფასობა”. აქციის არსი კი იმაშია, რომ მისი გაზიარებით ადამიანები გამოხატავენ პროტესტს პედაგოგთა დაბალი ხელფასებისა და განათლების სისტემაში გამეფებული ნეპოტიზმის წინააღმდეგ.
- პროტესტის გამოხატვის მრავალი ფორმა არსებობს... ასეთი ფორმა რატომ მოიფიქრეთ?
- ჯერ ერთი, დღეს მიღებულია სოციალური ქსელებით პროტესტის გამოხატვა. არ სჭირდება ამას სპეციალური სანქციები, ანუ, ბიუროკრატიული ბარიერები არ არსებობს. მეორეც, თქვენ იცით, რომ უდიდესი უკმაყოფილების მიუედავად, მასწავლებლები ”ცოცხალი თავით” ისედაც არ გამოდიან ქუჩაში. მითუმეტეს, ამ ზამთარში ვინ გამოვა? ჩვენ გავუადვილეთ საქმე: გავამზადეთ ეს ერთგვარი ლოზუნგი, ადამიანს არსად წასვლა არ უწევს. ზის სახლში და გამოხატავს პროტესტს. ეს იყო ერთგვარი სახელდახელო სასინჯი აქცია. თუ გაამართლებს, მერე სხვა „უკეთესსაც“ მოვიფიქრებთ.
- და როგორ ფიქრობთ, ამართლებს?
- ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ როდესმე ქუჩის სპონტანურ აქციას, თუნდაც 100 კაცი შემოუერთდებოდა. მოგეხსენებათ, მე ორჯერ მარტო მოვაწყვე ასეთი სამდღიანი აქცია და ”სათოფეზე” არავინ გამეკარა. ვიფიქრე, ინტერნეტაქციას ასამდე ადამიანი მაინც გააზიარებდა და გამიკვირდა, რომ გამზიარებელთა რიცხვი საკმაოდ სოლიდურია (ეს რაც პსც-ს გვერდიდან ხდება, როდესაც ჩვენ ”ქარდ”-ს კოპირებით აზიარებენ, მაგას ვერ ვითვლით).
- და მაინც, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ინტერნეტაქცია ყველასთვის.
- რა თქმა უნდა, მაგრამ, სხვა უკეთესი საშუალება არ არსებობს. დღეს ინტერნეტს მოიხმარს მოქმედ მასწავლებელთა საკმაოდ მცირე რაოდენობა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ მცირე რაოდენობიდანაც ბევრი მაინც ვერ ბედავს თუნდაც გაზიარების ღილაკს დააწვეს. როდესაც ასეთი სიტუაცია არსებობს, როდესაც ვირტუალურ სივრცეში პროტესტის გამოხატვაც კი ორჭოფობის თემაა, რაღა უნდა ითქვას პროტესტის რეალურ სივრცეში გატანაზე?!
- ეტყობა ინტერნეტის მომხმარებელთა შორისაც ხომ ბევრი არ არის ინფორმირებული ამ აქციის შესახებ...
- ცხადია, არაა.. და ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, ვიმედოვნებ, კიდევ ბევრი ჩაერთვება პროცესში. მათ შორის მშობლები, მოსწავლეები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. განათლების თემა ხომ ლოკალურ ჩარჩოებში არაა ჩაკეტილი!
- ეს ვირტუალური აქცია რომ რეალური ყოფილიყო, როგორი სურათი გექნებოდათ?
-ვირტუალური პროტესტის რეალურობასთან ექვივალენტურობას ასე გამოვხატავდი:
მარტო ფეისბუქგვერდიდან აქციას 10 ათასზე მეტი ნახვა აქვს. ანუ, ეს შეესაბამება რეალური აქციის 10 ათას პასიურ მონაწილეს, რაც შეეხება გამზიარებლებს - 250-მდე ადამიანს, პოტენციურად ესენი გამოხატავენ აქტივისტებს, სიტყვით გამომსვლელებს და ა.შ.
- დავუშვათ ადამიანებმა მოინდომეს აქციაში ჩართვა და ამ ფოტოს გაზიარება, რა უნდა ქნან?
- თუ ადამიანები ამ ინტერვიუს გააზიარებენ, ვფიქრობ, ესეც სოლიდარობის გამოხატვაა. ამის გარდა, მათ შეუძლიათ ჩაწერონ თავიანთი ფეისბუქის საძიებო ველში ეს სახელწოდება - პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი. იქ ნახავენ სანიკიძის ფოტოს, ძალიან მარტივად გაკეთებულს ხსენებული სლოგანით. გააზიარონ და ეს იქნება მათი სოლიდარობა.
- რა შედეგზე აპირებთ გასვლას?
- ძალიან გულუბრყვილო უნდა ვიყოთ, რომ ვიფიქროთ, სანიკიძეს სინდისი შეაწუხებს და თანამდებობას დატოვებს, ან რამეს შეცვლის... განვლილმა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ამ ქალს არც ნება აქვს და არც ძალა დატოვოს თანამდებობა,რადგან ის მისი ადგილი არ არის! თუმცა, ის უბრალოდ ძალაუფლებით დაბრმავებულია. ოდნავადაც რომ ესმოდეს, რას ნიშნავს მინისტრობა, მაშინ ეცოდინებოდა, თუნდაც, დიალოგის მნიშვნელობა, ანუ, საღად რომ აზროვნებდეს, უნდა ხვდებოდეს, რომ დღეს თუ ხვალ ამ საპროტესტო აქციების ფინალი მის გარდაუვალ კრახს მოიტანს. როგორც მინისტრი ის უკვე გაკოტრებულია. სრულ კრახამდე კი რაღა დარჩა? ასეთი სიტუაციები ყველგან და ყველა დროში კრახით მთავრდებოდა. სიმართლე გითხრათ, როგორც ადამიანი, ამისთვის მეცოდება, მაგრამ რა ვქნათ? არ ესმის ამ ქალს შეგონებები და...
- ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სანიკიძეს იანვრამდე აუცილებლად შეცვლიდნენ. მასაც არაერთხელ დაუსვეს ამის შესახებ კითხვა. ფაქტია, რომ გადარჩა. არ ფიქრობთ, რომ სკამის ”განაღდების” შემდეგ ახალი ძალით შემოგიტევთ?
- მის შემოტევებში უკვე გამოწრთობილი ვარ. ერთი კოზირი ჰქონდა: გამოუშვებდა სკოლაში შიდა აუდიტის დეპარტამენტს და უკირკიტებდა სასკოლო დოკუმენტაციას... მოკლედ, ეს ამბავი ყველამ იცის, მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ. ახლა ამასაც ვერ გაბედავენ - ჩვენს სკოლაში მათი აუდიტორის გამოჩენა ნიშნავს სასწავლო პროცესის ჩაშლას და საპროტესტო ტალღის დაწყებას. იმიტომ კი არა, რომ რაიმე დარღვევის გვეშინია. არა. ამ ნეპოტისტურ და კორუმპირებულ ხროვას არა აქვს ჩვენი შემოწმების უფლება და იმიტომ, რომ ისინი შესამოწმებლად კი არა, თუ მოსვლას გადაწყვეტენ, ზეწოლის მიზნით მოვლენ. თუ არ სჯერათ ჩემი სიტყვების კი ბატონო, სცადონ და ნახავენ. რაც შეეება მეორე ბერკეტს - დირექტორის თემას. ეს ცოტა ღრმა საკითხია და ალბათ, სხვა დროს გესაუბრებით.
ესაუბრა ანდრია ლისაშვილი