კრიმინალურმა პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავა
კრიმინალურმა პოლიციამ 514 აბი სუბუტექსი ამოიღო. დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, რომლებსაც, შსს-ს ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ლაშა თ. ხელმძღვანელობდა.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ლევან თ. და ნატა დ. - თბილისში, დანაშაულის კიდევ ერთი თანამონაწილე , ელდარ გ. კი ქუთაისში აიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, ელდარ გ-ს პირადი ჩხრეკისას 0.1565 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 12 აბი "სუბუტექსი" და აბის 12 ნატეხი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 3.92176 გრამ ბუპრენორფინის შემცველი 484 აბი "სუბუტექსი" და აბის 15 ნატეხი ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს საკონტროლო შესყიდვით მიღებული 0.15832 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 18 აბი "სუბუტექსი", აბის ნატეხები და ფხვნილისებული ნივთიერება, ხოლო ლევან თ-ს და ნატა დ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ნაწილი 200 ლარი.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.