ეკა გიგაური:"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული"
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებს ხვდება. შეხვედრაში არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას.
არასამთავრობო ორგანიზაციის "კოალიცია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების" წარმომადგენელმა, ეკა გიგაურმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ პოლიტიკური ძალა თვლის, რომ მასთან უნდა იყოს შეთანხმებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, იგი არ ხელმძღვანელობს საზოგადოების ინტერსებით.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არ იქნება წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით კონკრეტული კანდიდატურა.
"პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ კრიტერიუმებზე თუ როგორ უნდა შეირჩეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარდა იმ კრიტერიუმებისა, რომელიც გაწერილია, ასევე მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მაგალითად ის, რომ ეს პიროვნება, რომელიც წარდგენილი იქნება არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან და პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ საბოლოოდ ამ ადამიანის მიმართ იყოს ნდობა და ასევე მიუკერძოებლად განახორციელოს ის რეფორმები, რომელიც საჭიროა ჩატარდეს მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ზოგადად პროცესზე, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი", - განაცხადა ეკა გიგაურმა.