დავით უსუფაშვილი:დადგება დრო, როცა საქართველოს მოქალაქეებისთვის სიტყვა "ვიზა" აქტუალური აღარ იქნება!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა იოჰანეს ჰანსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ევროკავშირისგან ძალიან მაღალი შეფასება მიიღეს. საუბრი ძირითადი თემა კი ასოცირების შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები იყო.
"მთავარი საკითხი ის იყო, რომ კომისარს ამ რანგში პირველად შევხვდით. ჰანმა ეს პოსტი რამდენიმე თვის წინ დაიკავა, რომელიც ჩვენთვის ევროკომისიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა იგი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პროცესის მონაწილე იყო. იყო კომისარი რეგიონულ საკითხებში და მასთან შეხვედრის საშუალება მქონდა, ის კომისარ ფულეს გვერდით მუშაობდა კაბინეტში. ასე რომ, არ გაუჭირდება ამ როლში შესვლა და ჩვენ ყოველგვარი დროის დაკარგვის გარეშე ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესს. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას აკეთებს ამ თვალსაზრისით პარლამენტი და რა საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი. კომისარს ვთხოვეთ, უშუალო და ღია საქმიანი ურთიერთობა გავაგრძელოთ, როგორიც დღემდე ჰქონდა პარლამენტს მის წინამორბედთან. ვისაუბრეთ რა არის გასაკეთებელი ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ რატიფიკაციის პროცესი დარჩენილ 16 ქვეყანაში სწრაფად დასრულდეს, რათა რიგის სამიტამდე რატიფიკაციის პროცესი დასრულებული იყოს. ჩვენ მივიღეთ მისგან ძალიან მაღალი შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მან ბრძანა, რომ ყველა საკითხში ყველა ვადა დაცულია და ყველა სტანდარტი მიღწეულია, თუმცა პროცესი გრძელდება.
ძალიან მალე ის დრო დადგება, როცა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის სიტყვა "ვიზა" აქტუალური აღარ იქნება, ან თუ იქნება აქტუალური, ვიზა ბარათთან დაკავშირებით - ანუ ბანკში რამდენი თანხა გაქვს, როცა უცხოეთში მიდიხარ და არა ნებართვა ვიზა. ეს ძალიან მალე იქნება. ეს იქნება დიდი გარღვევა იმისთვის, რომ ევროპის სრულფასოვან ოჯახად ვიგრძნოთ თავი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.