ოე... მთავრობავ! ანუ, რატომ არ აინტერესებს ღარიბაშვილს და მის გუნდს მარგველაშვილი?!

ოე... მთავრობავ! ანუ, რატომ არ აინტერესებს ღარიბაშვილს  და მის გუნდს მარგველაშვილი?!

ერთი აჟიოტაჟია ატეხილი:  უნდა დაესწროს თუ არა საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ გამოსვლას პარლამენტში.
 ზოგიერთების აზრით, დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი  არ არის მთავრობის მეთაური და აქედან გამომდინარე, მთავრობა არ არის ვალდებული მივიდეს პარლამენტში.
  ამ ლოგიკით, ღარიბაშვილის განცხადება, რომ ის მთავრობის დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავს, ლოგიკაში ჯდება, მაგრამ, არსებობს რამდენიმე მაგრამ...
 ჯერ ერთი, არა მგონია იმდენად იყოს დატვირთული საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყნის აღორძინებაზე ზრუნვით, რომ ქუთაისში ჩასასვლელად რამდენიმე საათი " არ მოიპარონ"...
 მეორეც, რატომ არ უნდა აინტერესებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას საქართველოს პრეზიდენტის ხედვა თუნდაც საგარეო პრიორიტეტებთან და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით?!
 მესამეც- როდის უნდა შეწყდეს კუკუდამალობანას თამაში სახელისუფლებო შტოებს შორის და რას მოუტანს საერთოდ ქვეყანას ასეთი ხისტი და გაუწონასწორებელი საშინაო პოლიტიკა?!
  შეიძლება მარგველაშვილი (რაღაც მიზეზის გამო) როგორც პრეზიდენტი არ მოგვწონდეს, მაგრამ, რადგან იგი, როგორც მთლიანად მთავრობა და პარლამენტი, ივანიშვილის დანიშნულია (ამ სიტყვების  პირდაპირი გაგებით ) კეთილი უნდა ინებონ მთავრობის მესვეურებმა და რამდენიმე საათი თავს უფლება უნდა მისცენ -მოუსმინონ, თუ რას ჩააბულბულებს მისი აღმატებულება პრეზიდენტი და საითკენ იქნება მიმართული მისი საგარეო  თუ საშინაო ვექტორი!
 ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთავრობის არ მისვლა პარლამენტში არა მარტო პრეზიდენტის, არამედ, საკუთარი თავის, მეტიც, ხელოვნურად შეკოწიწებული საკუთარი გუნდის უპატივცემულობაც იქნება!..

საინტერესოა, რამდენად უნდა ვუყუროთ ამ მარაზმამდე დასულ აიწონა-დაიწონას?!


P.S ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევიან. კოალიციიდან გამოსული   "თავისუფალი დემოკრატები" და გასაცევად გამზადებული "რესპუბლიკელები". პირველნი გამძაფრებით აკრიტიკებენ იმას, რასაც კოალიციაში ყოფნისას სიამოვნებით ხელს უწევდნენ, რაც შეეხებათ "რესპუბლიკელებს", ისინი ნელ-ნელა გვაჩვევენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც ოპოზიციაში არიან და როცა გავლენ, ხომ საერთოდ დაალაგებენ დღევანდელი ხელისუფლების "სისუსტეებს". თუმცა,თუ ჟარგონით ვიტყვით,დღეს ამას ვინ ჭამს- არ გათეთრდების ყორანი, რაგინდ რომ ხეხო ქვიშითა!

                       საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: