თეა წულუკიანი: კადიევის ექსტრადირების ბრძანებაზე ხელმოწერას არ ვაპირებ!
საქართველოს იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ კადიევის რუსეთში ექსტრადირების ბრძანებაზე ხელმოწერას არ აპირებს, მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვეაა, ამ პოზიციას იზიარებს საქართველოს მთავარი პროკურატურაც. აღნიშნულზე წულუკიანმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "პირველ სტუდიაში" ისაუბრა.
"ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით დავა უზენაეს სასამართლოში როგორც ვიცი, მიმდინარეობს იმიტომ, რომ სამინისტრომაც უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსზე და ორი ინსტანციის სასამართლომ. თავად კადიევს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი აქვს დანაშაული - თბილისის შუაგულში, 2013 წელს ბინაში მას ჰქონდა იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები. ეს ჩვენი კანონით დასჯადია, ამიტომ, ის იხდის სასჯელს, რომელიც უსრულდება ივნისში. ანუ ივნისში, ის დატოვებს საპყრობილეს. რაც შეეხება ექსტრადიციას, ამის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს იუსტიციის მინისტრი. დღემდე, ასეთ 42 ბრძანებაზე მაქვს ხელი მოწერილი, მაგრამ კადიევის ექსტრადირების ბრძანებაზე ხელმოწერას არ ვაპირებ. პროკურატურის პოზიცია იგივეა და ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ვთვლით, რომ კადიევის რუსეთში ექსტრადირება ადამიანის უფლებების დარღვევა იქნებოდა. ქართული სამართლებრივი ტრადიცია 2002 წლიდან ასეთია და ჩვენ ეს არ შეგვიცვლია და არ ვცვლით",- განაცხადა წულუკიანმა.