თედო ჯაფარიძე: „ჩვენ რუსეთისაგან მეტ პოზიტივს ველოდით“
ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრირება საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლისათვის ძირითად საგარეოპოლიტიკურ ამოცანადაა განსაზღვრული.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტის გადაწყვეტილებით, 2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრი უნდა გაიხსნას, მაისში კი, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების რიგის სამიტზე საქართველო ევროკავშირისაგან ქებას და ახალ სტიმულს ელოდება, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში წასასვლელად უვიზო რეჟიმის შემოღებას... პარალელურად საქართველო ახალ მთავარ საფრთხეს აფიქსირებს: მართალია, „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა მოსკოვთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით პოლიტიკური ურთიერთობებზე - ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა კვლავ გაწყვეტილია, თბილისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთისაგან ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს და მოსკოვს არაკოსტრუქციულობას საყვედურობს.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ, რომელსაც ადრე საგარეო საქმეთა მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობებიც ეკავა, ჟურნალ „როსია ვ გლობალნოი პოლიტიკეს“ კორესპონდენტს თავისი დასკვნები და პროგნოზები გაუზიარა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- რით განსხვავდება „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა წინა ხელისუფლების მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკისაგან?
- 2012 წლის შემოდგომიდან ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა აღინიშნა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის სტრატეგიული კურსით. სხვათა შორის, ალიანსის მიმართ ჩვენი მიზნები არ შეგვიცვლია, მხოლოდ აქცენტები გადავაადგილეთ: შევწყვიტეთ „ნატოში გვინდას“ ყოველდღიური ყვირილი და რუტინული მუშაობა დავიწყეთ, რაც ყველაზე ძნელია. დასავლურთან ერთად, ჩვენს პოლიტიკაში გაჩნდა ახალი სეგმენტი - რუსეთთან ურთიერთობის დაწყება-განვითარება ნაკლებპოლიტიზებულ სფეროებში. როგორც ჩემმა რუსმა კოლეგამ ალექსეი პუშკოვმა თქვა, ჩვენ ვცდილობთ მოსკოვთან „ურთიერთობის აწყობას დიპლომატიური ურთიერთობის გარეშე“. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა და ჩვენს შემთხვევაში პარტნიორების ერთმანეთთან შეუმჩნეველ დაახლოებას გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩვენს „ღვინო-მინერალურ დიპლომატიას“ რუსეთმა აფხაზეთთან „სამოკავშირეო“ ხელშეკრულების გაფორმებით უპასუხა. იგივეს გეგმავს მოსკოვი სამხრეთ ოსეთთანაც, ანუ ჩვენს რეგიონებთან, რომლებთაც რუსეთის მიერ ოკუპირებულად ვთვლით. შეიძლება ითქვას, ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების საკითხი ჩარჩოს გარეთ გავიტანეთ და ამ დროს რუსეთმა, ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრირების გამო, ასეთი ნაბიჯი გადადგა. რასაკვირველია, ჩრდილოელ მეზობელთან ჩვენი კავშირები მხოლოდ „ბორჯომ-„წინანდლის“ მიწოდებით არ უნდა შემოიფარგლოს, მას პოლიტიკური კომპონენტი აკლია. არ დავმალავ და ვიტყვი: ილუზიები არ გვქონია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტ პოზიტიურ პოლიტიკურ ძვრებს მოველოდით რუსეთისაგან. ამოცანები იგივე გვაქვს: დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილება. ალბათ, 2015 წელიც არაპროგნოზირებადი იქნება, 2014-ის მსგავსად. ჩვენთვის საგარეო პოლიტიკური კვინტეესენცია ასეთია: მეტი პრაგმატიზმი და რეალიზმი, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, გვჭირდება „რეალ-პოლიტიკა“.
ჩვენი კურსი დასავლური ფასეულობების, ორინეტირებისა და იდეალებისკენაა მიმართული, მაგრამ ამ კურსს ბრმად არ უნდა მივყვეთ. ნატო ფრთხილობს და ჩვენს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზებას ერიდება, ამიტომაც თავს იკავებს ჩვენთვის ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული გეგმის მოცემისაგან.. რას ვიზამთ, ეს რეალობაა, საჭიროა წინ ვიაროთ ამ რეალობის გათვალისწინებით. აბა, იმის შიშით, რომ რუსები განრისხდებიანო, საქართველო თავის განაცხადს ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ უკან ხომ არ წამოიღებს! მაგრამ აქ კონტრშეკითხვა ჩნდება, რომელსაც წლების განმავლობაში ჩემს თავს ვუსვამ: რას გვთავაზობს სანაცვლოდ რუსეთი?
- რა იქნება უკეთესი საქართველოსთვის ასეთ პირობებში?
- პროგრესის მიღწევა ასეთი გზით: ნაკლები რიტორიკა და მეტი საქმე. რას ნიშნავს ეს? რასაკვირველია, რუსეთი არ დაივიწყებს იმას, რომ საქართველო პროდასავლურ კურსით მიდის, მაგრამ მოსკოვისათვის ამ კურსზე თვალის დახუჭვა უფრო იოლი იქნება, თუ ჩვენ მოვეშვებით ხმამაღალ ლაპარაკს და მეტ ენერგიას შრომაში დავხარჯავთ. ჩვენთვის შუალედური ინსტრუმენტებია ნატოს ყოველწლიური პროგრამები, უელსში მიღებული „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის“ იმპლემენტაცია, რაზედაც ამ დღეებში ნატოს გენმდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმაც აღნიშნა - „საქართველოს ყველანაირი ინსტრუმენტი აქვს პროგრესისათვისო“. თუ საქართველო რუსეთთან კონფრონტაციას თავს აარიდებს, მაშინ ამერიკას, ევროკავშირს და ნატოს მანევრირების უფრო ფართო სივრცე ექნებათ რუსეთთან დიალოგისათვის. და თუ რუსეთთან ისევ დაპირისპირებას დავიწყებთ, ეს დასავლეთს „თავის ტკივილს“ გაუმრავლებდა. ასე რომ, მოსკოვთან დამოკიდებულების მოგვარება საქართველოს დასავლური ინსტიტუტებისათვის უფრო მიმზიდველ და პროგნოზირებად პარტნიორად გადააქცევდა. ეს დადებითად აისახებოდა „ქართული ოცნების“ იმიჯზეც. აი, აქ დროული იქნება გავიხსენოთ: ჩვენი დასავლეთისაკენ მოძრაობა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, ედუარდ შევარდნაძის დროს და ამიტომაც წინა ხელისუფლების მიერ ამის ექსკლუზიურად მიწერა საკუთარი თავისათვის არანაირად არაა გამართლებული.
ჩვენთვის ევროკავშირისაკენ სწრაფვის ხაზგასმა უფრო უკეთესია, რადგან ეს სამხედრო ინტეგრაციას კი არ ეხება, არამედ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრირებას. ზოგჯერ ისე ჩანს, რომ ამას რუსეთიც ეთანხმება. შესაძლოა იმიტომ, რომ საქართველოსთვის ევრიოკავშირში გაწევრიანება შორი პერსპექტივაა, ანუ კონტურები ისე მკვეთრი არაა, როგორც ეს ნატოსთან მიმართებით ჩანს. „ქართული ოცნების“ მთავრობა თანმიმდევრულად იცავს თავს ადგილობრივთა კრიტიკისაგან - მათგან, ვინც თვლის, რომ რუსეთთან დიალოგი არ უნდა ვაწარმოოთ. ჩვენი პასუხი მათთვის ასეთია: ყოველი სახელმწიფოს ყოველი კომპეტენტური ხელისუფლება აცნობიერებს დიდ მეზობელ სახელმწიფოსთან სტაბილური ურთიერთობების აუცილებლობას. რუსეთთან ურთიერთობის ხელშემშლელი ძალები არიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც, მაგრამ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ მომზადებული ვიყოთ პოტენციური საფრთხეებისათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ოპოზიცია გვთავაზობდა, რომ რუსეთის მიმართ გამოცხადებულ სანქციებში ჩვენც ჩავრთულიყავით. მაგრამ ამით დასავლეთს იმდენად ვერაფრით დავეხმარებოდით, საკუთარ თავს კი ზიანს მივაყენებდით - გეოგრაფიის, უსაფრთხოების, ვაჭრობის საკითხებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს ხელმძღვანელების შეხვედრის საკითხს: საჭიროა შეხვედრის სათანადო დონეზე მომზადება. ლიდერების ურთიერთნდობა მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ყოველი საკითხის განხილვის დროს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, არამედ ვაჭრობაზე, რეგიონულ თანამშრომლობაზე, საერთო გამოწვევებზე - ისეთებზე, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის პრობლემა, ისლამური რადიკალების საკითხი ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენ იმდენს ვერაფერს დადებითს ვერ მივაღწევთ, თუ რუსეთის ლიდერებთან შეხვედრებს პროტესტის ნიშნად თავს ავარიდებთ. ჩვენ უნდა ვეძებოთ, სად და როგორი გზებით მივაღწიოთ ჩვენთვის სასარგებლო შედეგები. უნდა განვსაზღვროთ ის სფეროები, რომლებშიც საქართველო და რუსეთი ერთმანეთის პარტნიორები იქნებიან... საქართველოს უსაფრთხოება ხომ რუსეთის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული - ჩვენც ვართ დაინტერესებული ჩრდილოკავკასიის სტაბილურობით. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს არანაირად არ აწყობს არასტაბილურობა, მით უმეტეს რუსეთ-საქართველოს მზარდი სავაჭრო ურთიერთობების ფონზე და იმ ფულადი თანხების გათვალისწინებით, რომელსაც რუსეთში მომუშავე ჩვენი თანამემამულეები სამშობლოში აგზავნიან.
ამ ბოლო ხანებში ხშირად საუბრობენ საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო კავშირების თაობაზეც. ისინი, ვინც მომხრეები არიან, ამბობენ, რომ ამით საქართველო აჩვენებდა, რომ ის არ არის წინააღმდეგი ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და რომ ამით ჩვენ ვაღიარებთ ჩვენი მეზობლების ეკონომიკური განვითარების არჩევანის უფლებას. ამბობენ იმასაც, რომ მკაცრი კონტროლი უნდა დავაწესოთ, რათა არ იქნას გადაზიდული სამხედრო ტვირთები. ეს ძალიან რთული თემაა. აქ უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი აზრბაიჯანელი მეზობლის ინტერესებიც.
- თბილისი არ მალავს თავის უკმაყოფილებას, რომ უკრაინის მთავრობაში მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ინიშნებიან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ ურჩია კიევს თავი შორს დაიჭიროს მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეებისაგან, მაგრამ ამ მოწოდებას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. არაა გამორიცხული საქართველო-უკრაინის ურთიერთობის გაუარესება. ამ ფონზე თქვენ, ირაკლი ღარიბაშვილს და მინისტრებს განზრახული გაქვთ კიევს ეწვიოთ. როგორ გავიგოთ ეს?
- ქართველი ხალხი ამ მძიმე დღეებში უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელებს, ვცდილობთ მათ თავს დამტყდარი უბედურება გადავატანინოთ, ფრთხილად ვმოქმედებთ... იგივეს ვთხოვთ უკრაინელებსაც. განა უცნობია ის, რომ უკრაინის მთავრობაში მიწვეულ ქართველ ჩინოვნიკებს თავიანთი წვლილი აქვთ, პირდაპირ თუ ირიბად, შეტანილი ტოტალიტარული სისტემის მშენებლობაში. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს ყოველმა მეათე მოქალაქემ ციხე გამოსცადა ან პრობაციონერი იყო. ეს ხომ საშინელი სტატისტიკაა! კი, 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ რაღაც კარგიც გააკეთეს, ქართული სახელმწიფო მოძლიერდა, მაგრამ ზოგადად სისტემა უკონტროლო იყო და მხოლოდ ერთი ადამიანის, ან მასთან დაახლოებული ერთი მუჭა ადამიანების მოთხოვნილებათ უზრუნველყოფისათვის მუშაობდა. დიახ, პოლიციისთვის გამჭვირვალე შენობები შენდებოდა, მაგრამ შიგნით რა ხდებოდა, ამას მაინც ვერავინ ხედავდა. ეს იყო „პოტიომკინის სოფლები“! ეს იყო სისტემა, სადაც ერთმანეთში აირია ჯონათან სვიფტის კარიკატურული ფორმები და ჯორჯ ორუელის შავ მონათხრობი... უკრაინელები ფიქრობენ, რომ ამ ადამიანებმა საკუთარ შეცდომებზე დასკვნები გააკეთეს და შეცდომებს აღარ გაიმეორებენ? ძალიან მეეჭვება... რას ვიზამთ, ეს ჩვენი უკრაინელი პარტნიორების არჩევანია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. როგორც ამბობენ ხოლმე, „ორშაბათიც გათენდება და ვნახავთ, რა იქნება“. ჩვენ მხარს ვუჭერდით უკრაინას და კიდევ დავუჭერთ მხარს საერთაშორისო არენაზე, გავაერთიანებთ ძალისხმევას ევროკავშირთან ასოცირების საკითხში და მზად ვართ ოფიციალურ დონეზე ყველანაირად დავეხმაროთ.
«Россия в глобальной политике» (რუსეთი), 16 იანვარი, 2015 წელი
www.globalaffairs.ru/diplomacy/Tedo-Dzhaparidze-My-ozhidali-ot-Rossii-bolshe-pozitiva-17259