მიხეილ სააკაშვილი: "რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და მოუწევს როგორც უკრაინული, ისე ქართული ტერიტორიების დაბრუნება"
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დარუპული ქართველი ოფიცრის თამაზ სუხიაშვილის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:
"უკრაინაში, დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა ქართველი ოფიცერი თამაზ სუხიაშვილი. მან, სხვა ქართველებმა და მათ მოხალისეთა ასეულმა, უკუაქცია რუსული სპეცრაზმი და კადიროველების ჯგუფი. ჩვენმა მებრძოლებმა, ძალიან მძიმე ბრძოლაში გამოგლიჯეს აგრესორს, მონასტრის ტერიტორია, საიდანაც ის ესროდა აეროპორტს, რითიც უკრაინის არმიას დაუბრუნდა და შეუნარჩუნდა კონტროლი დონეცკის აეროპორტზე, რომლის აღება პუტინისთვის პრინციპის საკითხად არის ქცეული.
ამ გმირობის ჩადენის დროს, დაიჭრა კიდევ სამი ქართველი მებრძოლი. ველაპარაკე სანდრო კვიტაშვილს და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან. თამაზი 2004-ში იბრდძოდა ცხინვალში, იყო ერაყსა და ავღანეთში და 2008 წელს თავი გამოიჩინა რუსეთთან ომში. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, მიატოვა თავისი მაღალ ანაზღაურებადი სამსახური, იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების განსაკუთრებულ დავალებათა განაყოფის ლეიტენანტი გახლდათ და ყველა შეტაკებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, სანამ გუშინ ბოლო გამარჯვება არ მოუტანა უკრაინას, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. არ ვიცოდი თუ ის იქ იბრდძოდა, მაგრამ მინდა ქედი მოვიხარო ნამდვილი ქართველი გმირის ხსოვნის წინაშე. მან თავი შესწირა ჩვენს საერთო ბრძოლას, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და მოუწევს როგორც უკრაინული, ისე ქართული ტერიტორიების დაბრუნება.
დიდება გმირებს, დიდება მათ მშობ და გამზრდელ საქართველოს, დიდება უკრაინას!" - წერს სააკაშვილი.