დავით ნარმანია: დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები შპს "უძრავი ქონება -თბილისის" დაქვემდებარებაში გადავა
თბილისის მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები შპს "უძრავი ქონება -თბილისის" დაქვემდებარებაში გადავა.
"როგორც გამოირკვა, წინა ხელისუფლების პირობებში მიწისქვეშა გადასასვლელები სამ სხვადასხვა სამსახურში იყო გადანაწილებული. არ იყო კოორდინირებული და შესაბამისად, პასუხისმგებლობებიც არ იყო ჩამოყალიბებული. ამიტომ მიწისქვეშა გადასასვლელები დაექვემდებარება შპს "უძრავი ქონება - თბილისს", რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია. წელს ჩვენ მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე გვაქვს ერთ მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილი და ვავალებ ამ უწყებას, რომ დროულად დავიწყოთ სამუშაოები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
"ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ფართების გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხი მოწესრიგდეს და მიწისქვეშა გადასასვლელები გახდეს რეალურად გამოყენებადი. მოვითხოვ, რომ რეალურად იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ როგორი იქნება სამუშაოების შესრულების გეგმა, გრაფიკი, რეალურად როდის დავდებთ უკეთეს შედეგს. რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელის შეკეთება მოხდა, დამონტაჟდა შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის ლიფტები, ასევე მოწესრიგდა განათება და ჩატარდა სხვა სამუშაოები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.