„მე, დიდგორის ბრძოლა ვნახე!“ ანუ, ინტერვიუ დავით აღმაშენებელთან

„მე, დიდგორის ბრძოლა ვნახე!“ ანუ, ინტერვიუ დავით აღმაშენებელთან

- დრო საკმაოდ ბევრი გაქვთ, ერთი საათი! მაშასადამე, თემა თავისუფალია... თუმცა არც ისე! - და ჭაღარა პროფესორმა დაფაზე ცარცით დაწერა: „მე დიდგორის ბრძოლა ვნახე...“  „ავტორიტარულად“ ჩაახველა და კიდევ უფრო ხმამაღლა გამოაცხადა:

- მართალია მომავალი ჟურნალისტები ბრძანდებით, მაგრამ დიდგორის ბრძოლა ყველა ქართველმა უნდა იცოდეს! - შემდეგ სავარძელში ჩაესვენა და რომელიღაც უცხოური ჟურნალის ფურცვლა დაიწყო...

გიამ დიდგორის ბრძოლაზე ბევრი რამ იცოდა. საერთოდ, ძალიან უყვარდა ისტორიული ამბების კითხვა, მაგრამ ახლა, მომავალ „პუბლიცისტს“ როგორც ბალადა, პატარა მოთხრობასავით უნდა დაეწერა ამ „საკრალური“ ბრძოლის შესახებ და რაღაცნაირად გააჟრიალა, მერე საათს დახედა და დაიწყო:
----------
წარმოიდგინა, რომ „დროის მანქანა“ გამოიგონა და დიდგორის ველზე ამოყო თავი,ზუსტად ბრძოლის დაწყების წინ...

თანაც ინტერვიუ ჩამოართვა თვით დავით აღმაშენებელს!.. მოკლედ მაგრა გაუტია და გაუტია!
---------
- ისინი ბევრნი არიან?
- ძალიან ბევრნი! სულთანმა მთელი მუსლიმანური სამყარო აამხედრა საქართველოს წინაათმდეგ...


- დიდო მეფეო,რამდენი მეომარი გყავთ?
- ოთხმოცი ათასამდე!-კარგი რესპოდენტია! გაიფიქრა გიამ. - იქ, ოცდამეერთე საუკუნეში, ზოგი პოლიტიკოსი უბრალო ინტერვიუს დაგამადლის...


- იმათ რამდენი ჰყავთ?
- სამასიათასს აჭარბებს! - ჩაფიქრდა დავითი, მეფურად გაიღიმა, წვერზე ხელი ჩამოისვა და განაგრძო:
- როგორც ქართველებისთვის, ეს ბრძოლა იმიათთვისაც გადამწყვეტია. თბილისისა და დმანისის მბრძანებლებმა სულთანს მიმართეს დახმარებისთვის...


- მერე?
- რა მერე? ადგა და დაეხმარა!.. მტრის ურიცხვი ლაშქარი „ვითარცა ქვიშა“ უკვე ორი კვირაა მოიწევს საქართველოსკენ... აგერ, გახედე, თრიალეთის და მანგლისის მხრიდან მოადგნენ დიდგორის ველს!.. ჩვენ, ნიჩბისის ხეობით ამოვედით, კალატოზები ეხლაც მუშაობენ... ხეობის შესასვლელში მაღალ კედელს აშენებენ რიყის ქვით.


- რისთვის?
- უკან რომ არ დავიხიოთ! დღეს და აქ წყდება საქართველოს ყოფნა არ ყოფნის ბედი! ილღაზის ლაშქარი, თბილისიდან ნახევარი საათის სავალზეა. თუ დავმარცხდით თბილისს აიღებს.


ნეჯმ-ად-დინ ილღაზი! - გაახსენდა გიას ისტორიიდან. სულთნის მიერ ბაღდადის განმგებლად დანიშნული, ალეპოს დამპყრობი. „კაცი, მარჯვე და მრავალღონე“ ...როგორც სარდალმა, ჯვაროსნებთან ბრძოლაში გაითქვა სახელი,  ამიტომაც ანდო სულთანმა ურიცხვი ჯარი და ლაშქრის სპასალარად დანიშნა.


ილღაზს გვერდით ყავს თავისი სიძე და არაბეთის მეფე დურბეიზ სადაყის ძე! ჰილას პატრონი ევფრატზე,კაცი გულადი და უშიშარი. ბაღდადი დაიპყრო და სამი დიდი ბრძოლა გადაიხადა! დავითის წინააღმდეგ გამოილაშქრა თოღლურ მოჰამედის ძემაც,ყაზვინის, ზენჯანის და გილანის, ასევე განძას მბრძანებელმა, აგრეთვე თურქმა ამირამ თუღან არსლან კუზიანმა, რომელმაც დაიპყრო ქალაქი დვინა.ეხლა უყურეთ: ამათ გარდა განძის ათაბაგმა ქენ-თოღლდიმ „მისითა ძალითა“ ...დაძრა ჯარი!


- აგერა, ხედავ? დიდგორის ველს მოსდგომიან ყოველთა სომხეთისა ამირთა ლაშქარი!


- სომხები გვებრძვიან? - გადაირია გია.
- შე ოროსანო, სომხეთის მიწაზე, წვრილ-წვრილი მაჰმადიანი გამგებლები ცხოვრობენ! სომხებს ვინ ეკითხება „ბალი ათი შაურია“? - გაბრაზდა მეფე, ისევ ჩამოისვა წვერზე ხელი და თავისთვის ჩაილაპარაკა-მერე ქუნემ!.. - სულთნის ბრძანებით გამოილაშქრეს. „სულთანმა თავი მოუყარა ყველას,სადაც ვინ იყო მხედრობად შემძლებელი“ და სათავეში ჩაუყენა გამოცდილი, მრავალომგადახდილი ილღაზი... აი, სიქიმ აღზნ! - ამჯერად სელჩუკთა ენაზე შეიკურთხა მეფემ!


- ძირითად ნაწილებს ვინ ხელმძღვნელობს?
-დავითმა პასუხი დააყოვნა, მერე თავი აწია და ხმადაბლა თქვა:
- მე!
-----
მეფე დავითის ცხენი გაიძაგრა და შავი სიკვდილივით გაიჭრა ყვავილებით მოჩითულ ველზე... თუმცა მანამდე იყო დავითის ისტორიული მიმართვა:
„ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ! წინ ქართველნო!“
------
დავითის ბრძოლაში ჩაბმა იყო და, თითქოს ტყე გაცოცხლდაო, მარჯვნივ, ფერდობზე, დემეტრეს ლაშქარი წამოიშალა...

ყველაფერ ამას წინ უძღოდა ხუთასი მეომარი ჩიფოსნის მტრის პოზიციებში მოულოდნელი და გააფთრებული შეჭრა. ჩიფოსანმა ბერებმა ბევრი ურჯულო აკუწეს, მაგრამ მტრის ურიცხვმა გარემოცვამ უკანასკნელ კაცამდე გაანადგურა თავდადებული ბერები. ასეთმა გაუგონარმა გმირობამ დააბნია ილღაზის ჯარის წინა რიგები და არეულობა შეიტანა, სწორედ ამით ისარგებლა დავითმაც და ბრძოლაში ჩაება...
-------
მტერი დამარცხდა.თავში დაჭრილმა ილღაზმა და მისმა სიძემ სასწაულებრივად მოახერხეს გაქცევა... დავითმა დააჩოქა მუსულმანური სამყარო!..
-------
შემდეგ, ურმებზე დასვენებული დაღუპული ქართველი მეომრები ჩამოატარეს...
ერთ-ერთი ურმიდან, ქალის გრძელი თმა ჩამოშლილიყო...
-------
ზარის ხმა გაისმა... პროფესორმა ჟურნალი გვერდზე გადადო და გამოაცხადა:
- დავხუროთ რვეულები!

                                                                       თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: