ვიქტორ დოლიძე: საქართველო 1990-იანი წლების სიცილიას არ უნდა დაემსგავსოს!
"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ ვაზაგაშვილების ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა დაწყებული ზურა ვაზაგაშვილის დახვრეტიდან, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებით დამთავრებული.
"ფორმა, როგორც ეს აქტი განხორციელდა, შემაშფოთებელია. საქართველო 1990-იანი წლების სიცილიას არ უნდა დაემსგავსოს. რაც შეეხება მკვლელობის აქტს, ვერაფერს გეტყვით. თუ ვინმეს ასახელებ, ამის საფუძველიც უნდა გქონდეს. კიევში ვიყავი, ეს ამბავი რომ გავიგე. ფაქტია, რომ კაცი მივიდა შვილის საფლავზე, რომელიც დაუხვრიტეს და აფეთქებული იპოვეს. რაც შეიძლება დროულად უნდა გამოიძიონ ეს საქმე. რაც მოხდა, ამაზე სწრაფი რეაგირებაა აუცილებელი. პროკურატურა როგორც მუშაობს, ყველამ კარგად იცის. პროკურატურა დღეს დაკავებულია იმით, რომ ალასანიას ებრძვის. ისიც ვიცით, შოთაძე და ბადაშვილი რითიც არიან დაკავებულნი. ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა და არც ბადაშვილი იქნება პროკურორი და არც შოთაძე მოადგილე, მაგრამ უნდა დაფიქრდნენ. ახალგაზრდები არიან და მომავალზე უნდა იფიქრონ", - განაცხადა დოლიძემ.