მერაბ შათირიშვილი: ვაზაგაშვილის მკვლელობას ან „ნაციონალები“ შეეწირებიან, ან ხელისუფლება!
-ბატონო მერაბ, ვის აძლევდა ხელს იური ვაზაგაშვილის თავიდან მოშორება და რა მოჰყვება ამ ფაქტს მომავალში - ფიქრობთ, რომ ამ ბარბაროსული აქტით სქართველოში ახალი “მძიმე სერიალები“ იწყება?
-რა თქმა უნდა, ეს არის კარგად გათვლილი პოლიტიკური მკვლელობა. დარწმუნებული ვარ, იგი კარგა ხანია მზადდებოდა და მიმართული იყო არა მხოლოდ იური ვაზაგაშვილი, არამედ, რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ. იური გახდა მსხვერპლი, რითაც ბნელ ძალებს უნდათ არსებული ხელისუფლების უსუსურობის წარმოჩენა, მისი დისკრედიტაცია და თქმა იმისა, რომ მე ვიქნები, ან არავინო.
-იური ვაზაგაშვილის ვერაგული აფეთქებით დაისადგურა თუ არა საზოგადოებაში დაუცველობის განცდამ?
- ბოროტი ჭკუა დევს ამ ტერაქტში. ზუსტად აქვთ გათვლილი ყველაფერი და ამ “რაღაცას“ სხვა ძალა, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა“, ვერ მოიფიქრებდა. მათ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, თუმცა, იციან, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არჩევნებში ვერ მოუგებენ და ამიტომ თავიანთი რიტორიკა მიმართეს ადამიანთა ლიკვიდაციისკენ, რითაც დისკრედიტაციას უწევენ ხელისუფლებას.
ამ ტერაქტით ეს შავბნელი ძალა შიშსაც ნერგავს და ხელისუფლების უსუსურობასაც ააშკარავებს საზოგადოებაში. ამას კი ვაზაგაშვილის სასტიკი მკვლელობა ჩაეყარა საფუძვლად და შემდეგი შეიძლება მე ვიყო (რომელიც ჯერ გვერდით ვედექი “ქართულ ოცნებას“, შემდეგ კი ვაკრიტიკებდი), ან გია კორკოტაშვილი. ჩვენისთანა ადამიანები შემდეგი მკვლელობისთვის კარგი მასალა იქნებიან.
გამოსავალი ერთია: საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და მოითხოვოს “ ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლიკვიდაცია, რადგან ხელისუფლება, რომელსაც 200 პოლიტპატიმარი ჰყავდა, უნდა გასამართლდეს! “ნაციონალური მოძრაობის“ სულისჩამდგმელები, სააკაშვილიდან დაწყებული მერაბიშვილით დასრულებული, ახალაიები, უგულავა, კეზერაშვილი, ადეიშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან და ამათი პარტნიორები პარლამენტში სხედან, ოპოზიციონერობენ და კანონებს წერენ... იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ან „ნაციონალები“ შეეწირებიან, ან ხელისუფლება!
-ვინც არ უნდა იყოს, იური ვაზაგაშვილის აფეთქების დამკვეთი და შემსრულებელი, ეს ტერაქტი “ქართული ოცნების“ დაკნინებულ იმიჯს კიდევ უფრო აკნინებს. რა ბერკეტებით მოახერხებს ხელისუფლება “თავის გადარჩენას“ და მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკური კოფიგურაციის შეცვლა?
-საქართველოში კარგა ხანია აღრეულია მტყუან-მართალი. ხელისუფლებამ როგორადაც არ უნდა გამოიძიოს ეს მკვლელობა, არავინ დაუჯერებს. ეს დანაშაული ნაციონალების ჩადენილი რომ იყო, მაინც დღევანდელ ხელისუფლებას დაბრალდება, როგორც მისი ინსპირირებული. ამ მკვლელობით ხელისუფლების იმიჯი კიდევ უფრო დაეცა და ისღა დარჩენია „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, აკრძალოს!
-ამბობენ, რომ შეიძლება “ქართული ოცნებისა“ და ნინო ბურჯანაძის გზები გადაიკვეთოს. საუბრობენ “პატრიოტული ალიანსის“ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებაზეც. რას იტყვით აღნიშნულთან დაკავშირებით?
-საქართველოს ამ გაერთიანებით არაფერი ეშველება. დღევანდელი პოლიტიკური პარტიების საერთო პროცენტი დაახლოებით 40-ია და შიგნით აჯაფსანდალი შექმნით რა ხეირი გამოვა?! საქართველოს აღმშენებლობაში იმ 60%-მა უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ნიჰილისტურადაა განწყობილი, თან ახალი და გაუსვრელი ძალაა. აი, მან უნდა გაანეიტრალოს ქართული პოლიტიკა.
ესაუბრა ია ჯღარკავა