თბილისის მერი სანიაღვრე კოლექტორების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი დავით ნარმანია გლდანის რაიონში მდებარე "დიდი ხევძმარას" და "სააფთრის ხევის" სანიაღვრე კოლექტორების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან ავთანდილ სუდაძესთან ერთად გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაიში დასრულდება.
" დედაქალაქში ძალიან დიდი პრობლემაა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით, რის გამოც, წვიმის დროს ქალაქის დიდი ნაწილი იტბორება. ამ მიმართულებით გადაუდებელი სამუშაოებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 4 000 000 ლარზე მეტი გავითვალისწინეთ. მათ შორისაა აღნიშნული ობიექტები. თავის დროზე ამ ადგილზე ძალიან ბევრი სამშენებლო ნარჩენი დაიყარა, რასაც სისტემამ ვერ გაუძლო და ჩაინგრა. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი სისტემა, რომელიც მდინარე მტკვარს უერთდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სანიაღვრე ქსელი სრულად აღდგება" - განაცხადა დავით ნარმანიამ.