იძულებით დარღვეული დუმილი, ანუ რატომ ჩახერგა უკან დასახევი გზა დავით თევზაძემ?!

იძულებით დარღვეული დუმილი, ანუ რატომ ჩახერგა უკან დასახევი გზა დავით თევზაძემ?!

ექსთავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ რამდენიმე წლიანი დუმილი დაარღვია და ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დააანონსა.

„იმ ვითარების ატანა, რომელშიც ვცხოვრობთ უკვე რამდენიმე წელია, აღარ შეიძლება. ვაზაგაშვილის გარდაცვალება უკვე ბოლო წვეთი იყო. ქვეყანა უნდა გამოფხიზლდეს. ვითანამშრომლებ მათთან, ვისაც თავისი ქვეყნის მიმართ იგივე ღირებულებები გააჩნია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  

ქვეყნის დატოვება იმ ადამიანების ხელში, რომელთაც არც ქვეყნის მართვაზე აქვთ წარმოდგენა და არც მომავალი განვითარების ხედვა გააჩნიათ, არ შეიძლება!“

დავით თევზაძისგან, რომელიც უხვსიტყვაობით არასდროს გამოირჩეოდა და დინჯი, გაწონასწორებული ჩინოვნიკის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ასეთი პოლიტიკური განცხადების გაკეთება ცოტა მოულოდნელი იყო. მითუმეტეს, იგი ყოველთვის ერიდებოდა კამათის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანას და მხოლოდ სამხედრო საკითხების კომენტარით იფარგლებოდა.

მან, ამ ბოლო ხანებში, თავისი პრინციპული პოზიციით თავი დაგვამახსოვრა სასამართლოს მხრიდან ემზარ კვიციანისთვის გამოტანილი დამამძიმებელი განაჩენის გამო.

„ივერიონის“ პრეს-კლუბში სტუმრობისას ბ-ნმა დავითმა ღიად დააფიქსირა, რომ თუ ხელისუფლება ასეთ კურსს გააგრძელებდა, მისი საბოლოო გაკოტრება გარდაუვალი იქნებოდა! ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გულზე ხელის დაკრეფა ქვეყანას ხეირს არ მოუტანდა და საჭირო იყო საზოგადოების გააქტიურება. ქვეტექსტებში აშკარად იკითხებოდა, რომ იგი გარკვეული ნახტომისთვის ემზადებოდა.

თევზაძის პირველ პოლიტიკურ განცხადებას ქართულ მედიაში და სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა - ბევრი შევარდნაძისდროინდელ ექსთავდაცვის მინისტრს ვარდების რევოლუციის დღეებში უმოქმედობაში ადანაშაულებს - ისინი თვლიან, რომ მას შეეძლო აღეკვეთა არეულობა ქვეყანაში და საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე სააკაშვილის რეჟიმისგან გადაერჩინა...

ბევრია ისეთებიც, რომლებიც ადექვატურად აფასებენ 2003 წლის ნოემბერში შექმნილ ვითარებას და თევზაძის უმოქმედობაში დანაშაულს ნაკლებად ხედავენ.

ჩვენდა საბედნიეროდ, უფრო მეტნი აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც  ექსთავდაცვის მინისტრის პოლიტიკურ გააქტიურებას პოზიტიურად აფასებენ და მხარდაჭერასაც ჰპირდებიან!

თუ მის პიროვნებას ობიექტურად შევაფასებთ, უნდა დავუჯეროთ, რომ ეს გადაწყვეტილება „სპონტანურ და ემოციურ ფონზე მიღებული არ ყოფილა“, რომ „სამშობლოს სიყვარული მსხვერპლსაც მოითხოვს, თავდადებასაც და სამსახურსაც“ და ამ სამივესთვის შინაგანად მზად არის!

მე უფრო გამიკვირდებოდა მსგავსი სულიერი სიმტკიცისა და ცხოვრებისეული გამოცდილების ადამიანები დღევანდელ სიტუაციას რეალურად არ აფასებდნენ და ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალს არ ეძებდნენ...

როგორც ბატონი დავითი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „აღსარებაში“ წერს, მის პოლიტიკურ განცხადებას ბევრი განმოეხმაურა და საერთო საქმეში მხარდაჭერაც აღუთქვეს.

წინასწარ ძნელია იმის განჭვრეტა, თუ რა რესურსებით აპირებს (იგულისხმება როგორც ინტელექტუალური, ისე ფინანსური რესურსები) ექს-თავდაცვის  მინისტრი საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმირებას და მომავალში  აქტიურ პოლიტიკურ ორბიტაზე გასვლას, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: რადგან დაიწყო და როგორც თვითონ წერს, უკან დასახევი გზაც ჩახერგა, საქმეს ბოლომდე მიიყვანს. თუმცა, ამაში თანამოაზრეთა მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანთა გვერდში დგომა დასჭირდება, რომელნიც „მსხვერპლსაც“ არ მოერიდებიან, „თავდადებაც შეუძლიათ“ და სამშობლოს სამსახურიც!

არ მოვერიდები და ვიტყვი: ამ ბოლო ხანებში რამდენიმე მსგავსი საზოაგდოებრივი მოძრაობა უკვე შეიქმნა, არ არის გამორიცხული ამის სურვილი სხვასაც გაუჩნდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისედაც პარტიებად და ჯგუფებად დაშლილი საზოგადოება კიდევ უფრო დანაწევრდება. ამიტომ, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი მოძრაობების შექმნა კი არ არის მთავარი, მთავარია საზოგადოების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო - ხედვისა და სტრატეგიის შერწყმა და მისი საერთო-სახელმწიფო სტრატეგიად გარდაქმნა.

მე სიამოვნებით დავუჭერ მხარს ბ-ნ დავით თევზაძეს და მის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას, თუ რა თქმა უნდა, მეცოდინება - რა პრიორიტეტებია მისი ამოსავალი წერტილი, აქვს თუ არა სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია გააზრებული, საით იხრება მისი პოლიტიკური ვექტორი და როგორ ფიქრობს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლას!


                                                    ზაურ ნაჭყებია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: