საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს განვითარების ყველაზე მნიშვნელვანი ფაქტორია,- განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რადისონში" საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, განაცხადა ღარიბაშვილმა.
"საქართველოში არსებული ხელსაყრელი პირობები ბიზნესის საწარმოებლად, აგრეთვე, ჩვენი ქვეყნის მტკიცე რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობები და მისი მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, უნდა გახდეს ინტენსიური ეკონომიკური ზრდის და საერთაშორისო ინვესტიციების ხელშემწყობი.
ამასთან, საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება და ქართველი ხალხის არჩევანია დავუახლოვდეთ ევროპას და გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს მიზანმიმართულ ეკონომიკურ და დემოკრატიულ ტრანსფორმაციასთან. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და მინდა გავიმეორო, რომ გასულ წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმებას, რაც ისტორიული დოკუმენტია. ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა მომდევნო 10 წლის განმავლობაში და შემდეგაც. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და მოდერნიზაციის გეგმა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, მსოფლიოს ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ინტეგრაციას. ამასთან ერთად, ეს ახალი პერსპექტივებით უზრუნველყოფს საქართველოსა და იმ ბიზნესმენებს, რომლებიც საქმიანობენ ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მისი ხელსაყრელი მდებარეობიდან გამომდინარე 900-მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი გაეხსნა. მიმაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა საქართველო გამოვიყენოთ როგორ ჰაბი და აქ განვითარდეს სხვადასხვა სექტორი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.