შსს-მ კოკაინის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა
შსს-სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ბულგარეთის სამი მოქალაქე: 1995 წელს დაბადებული საშო ტ, 1996 წელს დაბადებული გეორგ ა. და 1981 წ. დაბადებული რუსი კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.
სასაზღვრო კონტროლის გავლისას, დაკავებულებს სხეულზე წებოვანი ლენტით მიმაგრებული, 10 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩნდათ. სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკისას 8,5 კგ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6,295 კგ კოკაინს შეიცავს. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება 2 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს.