ბატონო ბიძინა, ნუ ჩაუგდებთ ხელში საჯიჯგნად ლიბერასტებს და ფსევდოპატრიოტებს საქართველოს!
ღია ბარათი ექს-პრემიერმინისტრს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს
ბატონო ბიძინა,
კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ, საქართველოში დღეს არსებული უმძიმესი სოციალურ-პოლიტიკური ფონი, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, მავალდებულებს მოგმართოთ ღია ბარათით და გამოვხატო ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად თქვენს სახელს უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, ვირტუალურად თქვენთან რამდენიმე ნიუანსი მაკავშირებს. მივყვეთ თანმიმდევრობით:
ნიუანსი პირველი:
2007 წელს პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ საკმაოდ ორიგინალური პროექტის „ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი“-ს გამოცემაში თანამონაწილეობა შემომთავაზა. თვალს არ ვუჯერებდი, როცა უდიდეს ქართველებში თქვენი გვარიც ამოვიკითხე. ჩემი გაოცების მიზეზი საკმაოდ მარტივი გახლდათ: პროექტის ავტორისგან დიდ რისკად მიმაჩნდა ნებისმიერი ადამიანის (თუნდაც თქვენნაირი სწორუპოვარი ქველმოქმედის) ერის რჩეულთა რიგებში სიცოცხლეშივე დამკვიდრება, რადგან, წინასწარ არავინ იცის, სად ჩაუსაფრდება ადამიანს ეშმაკი და რა მასშტაბის შეცდომებს დააშვებინებს იგი. მიუხედავად ჩემი, როგორც გამომცემლის წინააღმდეგობისა, ავტორმა მაინც თავისი გაიტანა და თქვენ ყველა დროის 100 უდიდეს ქართველში მე-100 საპატიო ადგილი დაიკავეთ (შეიძლება ეს უმნიშნელო დეტალად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნამდვილად არ არის უმნიშვნელო)!
მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თქვენ პოლიტიკურ ლაბირინთებში ომახიანად შემოხვიდოდით, 9-წლიანი „ნაციონალური ჯოჯოხეთისგან“ საზოგადოების განთავისუფლების მისიას და საქართველოს მომავალზე პასუხისმგებლობას პირადად იკისრებდით. სხვათაშორის, ჩემი ოპონენტებისგან განსხვავებით, მე მაშინაც ეჭვის ჭია მღრღნიდა, მაგრამ... ჩემს ინტუიციას ყური არავინ ათხოვა!
ნიუანსი მეორე:
2008 წლის შემოდგომაზე, აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან სულ ორიოდე თვე იქნებოდა გასული, როცა თქვენდამი ღია ბარათით მიმართვა დავაპირე. პირდაპირ გთხოვდით, აღგედგინათ დამოუკიდებელი ტელეკომპანია მე-9 არხი და საკუთარი რესურსებით ხელი შეგეწყოთ ახალი პოლიტიკური გუნდის ფორმირებისთვის, რომელიც „ ნაცმოძრაობის“ საპირწონე ძალად ჩამოყალიბდებოდა.
ღია ბარათი საკუთარ ჟურნალში („ბიზნესი და კანონმდებლობა“) უნდა დამებეჭდა, მაგრამ, ჩემი უახლოესი მეგობრების (სხვათაშორის, ორივე საზოგადოებაში ცნობილი პროფესორები არიან) დაჟინებული მოთხოვნით გადავიფიქრე - ისინი „მიმტკიცებდნენ“, რომ ამ ინიციატივით მე ერთი გულუბრყვილო, ქარის წისქვილებთან მებრძოლი დონკიხოტის შთაბეჭდილებას უფრო დავტოვებდი, ვიდრე სწორი პოლიტიკური ალღოთი მოფიქრალი პუბლიცისტის - მათ (და ბევრსაც) სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ჩემი მოწოდება - თქვენი, როგორც უჩინარი მეცენატის პოლიტიკით დაინტერესების თაობაზე. ამჯერადაც სხვებს დავუჯერე, - თუმცა, შევცდი!
ნიუანსი მესამე:
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა 2011 წლის ოქტომბერში თქვენი პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელმაც საზოგადოებაში არა მარტო იმედის სხივი შემოიტანა, არამედ, ამქვეყნიური მესიის შარავანდედითაც შეგმოსათ - ხალხმა ირწმუნა, რომ თქვენ გაუკეთებელსაც გააკეთებდით და „ცხრათავიან ურჩხულს“ ცხრავე თავს გააგდებინებდით!
სამწუხაროდ, საზოგადოების უმეტესი ნაწილი ეიფორიიდან დიდხანს არ გამოსულა და თქვენი მისამართით გამოთქმული ნებისმიერი კრიტიკა ლამის სამშობლოს ღალატად ითვლებოდა!...
სხვებისგან განსხვავებით, თქვენს პოლიტიკურ განცხადებას საკმაოდ ხმაურიანი სტატიით - „ომახიანი გზავნილი ჭორვილადან, ანუ საქართველო ისევ მესიის მოლოდინშია“ გამოვეხმაურე (გაზეთი „რეზონანსი“, 30 ოქტომბერი, 2011 წელი) და ეიფორიაში ჩაძირული თანამოქალაქეების რისხვაც დავიმსახურე!
დიახ, როცა პოლიტიკოსები და ჩემი კოლეგები თქვენს ნავში ჩასხდომას ერთმანეთს ასწრებდნენ, მე განსხვავებული პოზიცია დავაფიქსირე და თქვენსკენ მისასვლელი ყველა გზა თავიდანვე ჩავხერგე, რასაც დღევანდელი გადასახედიდან ნამდვილად არ ვნანობ!
სტატიაში ვწერდი, რომ მილიარდერები იშვიათად, ან საერთოდ არ შემოდიან აქტიურ პოლიტიკაში - პირიქით, ისინი თავად ქმნიან პოლიტიკას და აქედან გამომდინარე, მიკვირდა, რატომ მიიღეთ ასეთი სახიფათო გადაწყვეტილება, მითუმეტეს, როცა ბადრი პატარკაციშვილის სახით მწარე გაკვეთილი უკვე არსებობდა!..
ღიად ვაფიქსირებდი: რადგან თქვენ ასეთი თამამი გადაწყვეტილება მიიღეთ, მზად უნდა ყოფილიყავით სასწორზე დაგედოთ თქვენი კაპიტალი და საკუთარი სიცოცხლეც კი!
მართალია, ფული ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია პოლიტიკაში (ხელისუფლებაში) მოსასვლელად, მაგრამ, არა ერთადერთი რესურსი. თუმცა, თქვენ მთავარი რესურსი - ხალხი მხარდაჭერაც გარანტირებული გქონდათ, რადგან, იმდენად გაუსაძლისი იყო ნაცრეჟიმთან შეგუება, რომ ხალხი უპირობოდ გამოგყვათ და როგორც თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, მაქსიმალურად გამოიყენეთ!
ბატონო ბიძინა,
თქვენი თავდაჯერებული რიტორიკა ხალხს გულზე მალამოდ ედებოდა და ჩემგან განსხვავებით, მაშინ ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ - თუნდაც იმ გარემოცვაზეც, რომელიც პოლიტიკაში მოსვლისას შემოიკრიბეთ.
მაშინაც ვწერდი და ახლაც ვიმეორებ: ბიზნესმენეჯმენტისგან განსხვავებით, სადაც შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწიეთ (ეტყობა, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდით!), თქვენ პოლიტიკურ მენეჯმენტში აშკარად მოიკოჭლებთ - რაც არ უნდა იძულებითი ნაბიჯი ყოფილიყო, ყველაზე დაბალრეიტინგიანი „რესპუბლიკელების“ და კვიცივით მოხტუნავე ალასანიას ძირითად პოლიტიკურ ფავორიტად აღიარება ლამის გამოუსწორებელი შეცდომა იყო. ეს შეცდომა ალასანიასგან ბუმერანგივით უკვე დაგიბრუნდათ და რა სიურპრიზს გიმზადებენ უახლოეს მომავალში „რესპუბლიკელები“, მხოლოდ მამაზეციერმა თუ იცის!
დააკვირდით: რას ვწერდი მაშინ ალასანიაზე: „საზოგადოებაში მას იცნობენ, როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც არა აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებილი პრინციპები და პოლიტიკურ ორბიტაზე ინსტრუქციის შესაბამისად ტივტივებს“. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორ ჩემი პროგნოზები ახდა!
სხვათაშორის, მაშინ აქილევსის ქუსლად იქცა სააკაშვილის მხრიდან თქვენთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა, რომელიც თქვენს პოლიტიკურ განცხადებას მოჰყვა. მაშინ არ დამიმალავს ჩემი გაოცება: ვის, ვის და თქვენ ნამდვილად უნდა გცოდნოდათ, რომ საქართველოს კონსტიტუცია სამმაგ მოქალაქეობას არ ცნობს და აქედან გამომდინარე, სააკაშვილის ტრიუკი მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ეტყობა ეს „უმნიშვნელო“ დეტალი თქვენი დიდი ხნის ჩანაფიქრის ნაწილი იყო ხალხში „ტემპერატურის“ ასაწევად და „დაჩაგრულის“ იმიჯის შესაქმნელად.
ჭეშმარიტად კარგი ჩანაფიქრი აღმოჩნდა - საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევამ თავისი საქმე გააკეთა!..
მიუხედავად საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უპირობო მხარდაჭერისა, ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში ვსვამდი რიტორიკულ კითხვას: ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ჩანასახში მაინც თუ არსებობდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა და რა პრიორიტეტები იქნებოდა აღიარებული როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში.
დრომ დაადასტურა, რომ არათუ პროგრამა, არამედ, არანაირი სისტემური ცვლილებების სურვილიც არ გქონიათ და ქვეყანა დღემდე სააკაშვილისდროინდელი რეჟიმის სისტემით იმართება (თუ ამას მართვა ჰქვია), რაც არა მარტო ნეგატიურად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ, რეალურ საფრთხეს უქმნის მის მომავალსაც!
ცალკე საუბრის თემაა ის საკანონმდებლო თუ სამთავრობო გუნდი, რომლითაც მოხვედით ხელისუფლებაში და რომელიც ისევ თქვენს თავსატეხად იქცა. მიკვირს, როგორ გვარწმუნებდით, რომ გყავდათ კარგი პარლამენტი, კარგი მთავრობა („კარგი და ძალიან კარგი მინისტრები“). ასევე, როგორ მოახერხეთ, რომ დაგვინიშნეთ „კარგი“ პრეზიდენტი და ძალიან კარგი დედაქალაქის მერი!
თქვენი პოლიტიკური მენეჯმენტის აშკარა სისუსტეზე მეტყველებს, როცა ამბობთ, რომ გუნდმა არ გაგიმართლათ, პრეზიდენტის და დედაქალაქის მერის არჩევანში შეცდით!
შეიძლება საქმე იქამდე მივიდეს, რომ მთავრობა გადადგეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნოს, მაგრამ რას უზამთ თქვენს მიერ დანიშნულ, მაგრამ, ჩვენს მიერ არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც თავი ქუდში აქვს და თავისი ტრიუკებით კიდევ ბევჯერ გაგაოცებთ?!
ბატონო ბიძინა,
მართალია, თქვენ ხალხი მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენივე მიზნის მისაღწევად, მაგრამ მათ იმედები გაუცრუეთ - სამართლიანობის დამკვიდრებას ვინ ჩივის, ნეპოტიზმმა და საზოგადოების კანონიერი მოთხოვნებისადმი გულგრილობამ იმდენად გაიდგა თქვენს “ნალოლიავებ: (დანატოვარ) მთავრობაში ფესვები, უკვე იმდენად ღრმა უფსკრულია ხალხსა და მთავრობას შორის და დღითი-დღე იმდენად კნინდება „ქართული ოცნების“ ავტორიტეტი, თუ დროზე არ მიხედეთ, გამოუსწორებელ შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ!
სისტემური ცვლილებების არც სურვილი და არც უნარი თქვენს მთავრობას რომ არ გააჩნია, ცხადია, მაგრამ ასეთ უსუსური საკადრო პოლიტიკა ყოველგვარ ზღვარს სცილდება - სად პოულობთ ასეთ დაუნ და ღორმუცელა ჩინოვნიკებს, მარტო საკუთარ კომფორტზე და საახლობლოზე რომ ფიქრობენ და, მაპატიეთ და ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ?!
ყბადაღებულ კოჰაბიტაციას რომ თავი დავანებოთ, დანაშაულის მიტევება გამიგია, მაგრამ დამნაშავეთა („ნაცზონდერთა“) დაწინაურება სად გაგონილა?! მითუმეტეს, ძალოვან სტრუქტურებში, რომლებიც ასაფეთქებელ დინამიტებს ჰგვანან და როდის აფეთქდებიან, არ ვიცით?!
იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულმა აღსასრულმა საბოლოოდ მაინც ხომ უნდა დაგაფიქროთ?! იმდენად დიდია უკვე საზოგადოებაში დაუცველობის განცდა და იმდენად ახლოსაა რეაქციული ძალების ხელისუფლებაში დაბრუნების ალბათობა, თუ გადამწყვეტი ზომები არ მიიღეთ, კოსმეტიკურ ცვლილებები ამ საშიშროებას ვერ მოხსნის...
ნიუანსი მეოთხე:
2011 წლის 30 ოქტომბერს, როცა ჩემი ზემოთხსენებული სტატია დაიბეჭდა, შევარდნაძის ყოფილმა მთავარმა კონსულტანტმა, აწგანსვენებულმა მწერალმა გია ლომაძემ ასეთი რამ მიამბო: 2006 წელს მისთვის უთქვამს ექსპრეზიდენტ შევარდნაძეს, რომ თქვენ მოხვიდოდით ხელისუფლებაში და ყველაფერი კარგად იქნებოდა! რა ვიცი, რას ეყრდნობოდა შევარდნაძე: საკუთარ ინტუიციას, თუ რამე განსაკუთრებულ ინფორმაციას ფლობდა... ეს ისე, სხვათაშორის!..
ბატონო ბიძინა,
ბევრი გსაყვედურობთ, რომ კულუარებიდან მართავთ ქვეყანას. მე კი პირიქით ვფიქრობ - თქვენ ბრძოლის ველიდან ვერ გაიქცევით, რადგან პასუხს აგებთ არა მარტო დღევანდელ ვითარებაზე, არამედ, საქართველოს მომავალზეც!
ალბათ იმასაც ატყობთ, რომ დღითიდღე ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებასთან ერთად ეცემა თქვენი რეიტინგიც და თუ გადამწყვეტი ნაბიჯი არ გადადგით, შაგრენის ტყავივით შემოგადნებათ. ..
დიახ, სერიოზული დილემის წინაშე დგახართ და თუ არ იჩქარეთ, რეაქციული ძალებისგან „მოვარდნილი ღვარცოფი“ ქვეყანას წალეკავს და თქვენც მოგიყოლებთ!
ახლა ისევ საუბრობენ თქვენი პოლიტიკაში დაბრუნებაზე, რომ „ქართული ოცნება“ გადაარჩინოთ. არა, ბატონო ბიძინა, თქვენ „ქართული ოცნების“ კი არა, საქართველოს გადარჩენაზე უნდა იფიქროთ, რადგან, საქართველოს გადარჩენა თქვენი გადარჩენის პირდაპირპროპორციულია!
იმასაც ამბობენ, გარკვეულ ფსევდოპატრიოტულ ძალებს თურმე მწვანე შუქი აუნთეთ (დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თქვენ ისედაც ჩემზე უკეთ იცით!) და მათი დახმარებით „ქართული ოცნების“ გაძლიერებას ეცდებით. დამიჯერეთ, ისინი არანაკლები „თავის ტკივილი“ გახდებიან მომავალში საქართველოსთვის.
სხვებისგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეთ, რადგან, ჯერ ერთი, ორჯერ ერთსა და იგივე წყალში არ შედიან, მეორეც, როგორც ვნახეთ, არ არის პოლიტიკოსობა თქვენი საქმე - რაც უფრო გეხერხებათ, ის გააგრძელეთ. მაგრამ, თუ მაინც დაბრუნდებით, დღევანდელი ბალასტისგან მაქსიმალურად უნდა განთავისუფლდეთ. - დროზე გაემიჯნეთ ლიბერასტებს და ფსევდოპატრიოტებს და ხელი შეუწყვეთ ჯანსაღი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების მოსვლას საქართველოს ხელისუფლებაში - ისინი არც თუ ისე ცოტანი არიან და მხოლოდ თქვენს ნებას ელოდებიან, რადგან ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე, გასაგები მიზეზების გამო, თქვენი კეთილი ნების გარეშე ვერავინ გაჭაჭანდება! დამიჯერეთ, ისინი ის ადამიანები არიან, რომლებსაც სამშობლოს სიყვარული „ამძიმებთ“. ერთგულებაც შეუძლიათ და ქვეყნისთვის თავდადებაც!
არჩევანისთვის დრო ძალიან ცოტაა - სატანა არ ისვენებს და თუ დააგვიანეთ, შედეგი უკიდურესად მძიმე იქნება!
ბატონო ბიძინა,
ახლა მაინც მიიღეთ დროული და გონივრული გადაწყვეტილება - ნუ ჩაუგდებთ ხელში საჯიჯგნად ლიბერასტებს და ფსევდოპატრიოტებს საქართველოს!
ეს თქვენ შეგიძლიათ, ეს თქვენ გევალებათ, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ!
P.S.წინასაარჩევნო დაპირებებს რომ თავი დავანებოთ, სამწუხაროდ, ხელისუფლებიდან წასვლის წინ ხალხისთვის მიცემული დაპირებაც არ შეასრულეთ _ გვაიმედებდით, სამოქალაქო სექტორში გადავალ, გავაძლიერებ სამოქალაქო საზოგადოებას და ჩემს მიერ დატოვებულ მთავრობას ოპონირებას გავუწევო.
მე ეს არ მჯეროდა, რადგან, სამოქალაქო საზოგადოება ყველაზე დიდი ოპონენტია ხელისუფლებისთვის და ამაზე არ წახვიდოდით - გარდა იმისა, რომ „მოქალაქე“ დააფუძნეთ, არსებითად არაფერი გაგიკეთებიათ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის.
იქნებ ახალი იმპულსით და ახალი ენერგიით აპირებთ პოლიტიკაში დაბრუნებას?!
ღმერთმა ქნას!
პატივისცემით,
ზაურ ნაჭყებია
ჟურნალისტი,
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ივერიონის“
მთავარი რედაქტორი