„iesterdey“... ანუ „გუშინ“

„iesterdey“... ანუ „გუშინ“

კულტურის მინისტრ ფურცევას, 1967 წელს თემურ ცაგურია მოსკოვში კონცერტზე უნახავს და განკარგულება გაუცია, ეს ახალგაზრდა წელს არტეკის პიონერთა ბანაკის უფროს პიონერთხენმძღვანელად დანიშნეთ, წახალისების სახითო.

ჩამოვიდა ცაგურია თბილისში... დაიბარა ვასილ პავლოვიჩმა პარტიის ცეკაში და მიულოცა დიდი წარმატება. მადლობის ნაცვლად „სანამ ვიყავ ახალგაზრდას“ უთქვამს, თუ თამაზ ჭეიშვილსაც გამატანთ, იმ შემთხვევაში წავალ არტეკში სამუშაოდო.ეგ ვინ არისო? დაინტერესებულა ცეკას პირველი მდივანი.

ვასილ პავლესძევ, ერთადერთი პიროვნებაა მსოფლიოში, რომელიც ჩონგურზე „მთვარის სონატას“ ასრულებს, თანაც მაგის გარეშე ვერ ვმღერი, კრიმანჭულს ჭეიშვილის გარდა ვერავინ მეუბნება ფალცეტში, თანაც ამხანაგო ვასილ, ახალ სიმღერას ვამუშავებთ, სახელწოდებით „გუშინ“! მუსიკა ჩემი,ტექსტი თამაზ ჭეიშვილისა.

მოკლედ, გადარეკა ვასილ პავლეს ძემ მოსკოვში. გადარეკა და სამ დღეში მე ჩონგურით და ცაგურია გიტარით ხელში არტეკის დირექტორის, დიმიტრი გორდინის კაბინეტში ვისხედით. ცაგურია დაუყოვნებლივ დანიშნეს (ბრძანებით) პიონერთხელმძღვანელად, მე ღამის დარაჯად გამაფორმეს (ფიქტიურად). გორდინის დავალებით იმ საღამოსვე ჩავატარეთ მე და ცაგურიამ კონცერტი ინტერნაციონალური კონტიგენტისთვის.

მეორე დღეს, მოულოდნელად, პოლ მაკარტნი ჩამოვიდა (არაოფიციალურად). ნათესავი ჰყავდა თურმე არტეკში, საკუთარი იახტით შავი ზღვის აკვატორიაში შემოსულა და უთქვამს - ბარემ ჯოშუასაც ვნახავო (ნათესავ ბავშვს).

იქ ამბავი ატყდაააა... ხომ წარმოგიდგენიათ!

საღამოს კვლავ გორდინის დავალებით მე და ცაგურია ისევ სცენაზე აღმოვჩნდით. იმღერა ცაგურიამ,თავისი საფირმო „სანამ ვიყავ ახალგაზრდა“ ამას „ვდოლ პა პიტერსკოი“ მოაყოლა... მე შევასრულე ჩონგურზე „მთვარის სონატა“ დააა... უცბად თემურ ცაგურია აცხადებს:

- სახელგანთქმული ლივერპულელი ოთხეულის თვალსაჩინო წარმომადგენლის, პოლ მაკარტნის, პატივსაცემად,გთავაზობთ სიმღერის პრემიერას,სახელწოდეით „გუშინ“.

ბატონ პოლს, თარჯიმანი სიტყვასიტყვით უთარგმნიდა ყველაფერს.დავიწყეთ სიმღერა, მე ჩონგურზე ვაკეთებ აკომპანიმენტს,ცაგურია გიტარაზე... უცბად, პოლ მაკარტნი (პირველ რიგში იჯდა) წამოდგა, სირბილით მოუახლოვდა ესტრადას, ისკუპა, ამოხტა ჩვენთან და ჯერ უსიტყვოდ აგვყვა, ვოკალიზით, შემდეგ გზადაგზა ინგლისურად თარგმნიდა, თან მღეროდა... ჩვენ „გუშინ“-ს ვმღეროდით ქართულად, ის „იესთრდეი“-ს...

------------

გამოხდა ხანი... მე და თემურ ცაგურია, უკვე თბილისში, უშიშროების კომიტეტში დაგვიბარეს. ძალიან თავაზიანად მიგვიღეს. საიდანღაც გიტარა და ჩონგურიც გააჩინეს, მოკლედ ბევრი ვიმხიარულეთ... დაგვავიწყდა კიდეც, რა ორგანიზაციაში ვიყავით. სანდომიანმა, ჰალსტუხიანმა თანამშრომელმა უჯრიდან ბაბინა ამოიღო (მაშინ ჯერ არ იყო კასეტიანი მაგნიტოფონები) გაუკეთა ეს ბაბინა მაგნიტოფონს და გადავირიეთ მე და ცაგურია! ბიტლზები მღეროდენ ჩვენს სიმღერას „გუშინ“ რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე... ჩეკისტმა კვლავ ამოიღო უჯრიდან რაღაც, რომელიც აი ეს ფოტოსურათი აღმოჩნდა, უკანა მხარეს ოთხი ავტოგრაფით!

მადლიერების ნიშნად პოლ მაკარტნის ჩემთვის ეს „ფოტოსიურპრიზი“ მოემზადებინა...

თუ არ გჯერათ, ჩადით და ჰკითხეთ სერ პოლ მაკარტნის... ან სულაც თემურ ცაგურიას ჰკითხეთ, ვაშინგტონში...


თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: