ჯონდი ბაღათურია: პატივი ეცით პოლიციელს!
პარტია "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება და აცხადებს, რომ როგორი "პატრონიც" არ უნდა ჰყავდეს პოლიციელს ყველამ პატივი უნდა სცეს.
"ქართული დასის" ლიდერი საზოგადოებას მიმართავს.
"ნებისმიერ ქალბატონს და ვაჟბატონს მოვუწოდებ - პატივი ეცით პოლიციელს! როგორი "პატრონიც" არ უნდა გყავდეთ და რა თანამდებობაც არ უნდა გეჭიროთ, პატივი უნდა სცეთ პოლიციელს, იმიტომმ რომ ის იმისთვის დგას იქ, სადაც დგას, რომ შენ დაგიცვას, საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას. პატივისცემით და თავშეკავებით განეწყვეთ ამ ადამიანების მიმართ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ უსამართლოდ გაგაჩერებენ. მათ მიმართ აგრესიულად საუბარი კი თვითონ ადამიანის კულტურას აჩვენებს", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ბაღათურიას თქმით, სამართალდამცავ სტრუქტურაში 50-მდე პოლიციელია, რომლებიც დაუყონებლივ უნდა გათავისუფლებულდეს.
"პოლიციის ძირითადი შემადგენლობა, 99%, ეს არის პატიოსანი ხალხი, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ, განსაკუთრებით ეს უნდა ითქვას საპატრულო პოლიციაზე. ეს ხალხი განსაკუთრებული თავდადებით მუშაობს. იმ პოლიციელების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ, ააფეთქონ სიტუაცია, არის დაახლოებით 50 კაცი და ეს ხალხი უნდა იქნას იდენტიფიცირებული და ჩამოაშორონ სტრუქტურას", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.