დღეს უსინათლოთა საერთაშორისო დღეა!
13 ნოემბერს უსინათლო ადამიანთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს თარიღი ცნობილი ფრანგი პედაგოგის ვალენტინ ჰაუის დაბადების დღეს უკავშირდება.
მე-18 საუკუნემდე მსოფლიოში არ არსებობდა სასწავლო დაწესებულებები უსინათლოთათვის. ჰაუიმ პირველმა დააარსა სკოლა უსინათლო ბავშვებისთვის, სადაც მის მიერვე გამოგონილი სპეციალური შრიფტით ასწავლიდა. მანვე გამოსცა პირველი წიგნები უსინათლოთათვის. ეს უკანასკნელნი ამ წიგნებით მანამდე სარგებლობდნენ, ვიდრე ლუი ბრაილმა ახალი უფრო უნივერსალური შრიფტი არ გამოიგონა.
მსოფლიოში ეს დღე 1984 წლიდან აღინიშნება. საქართველოში კი პროექტ "ვიმეგობროთ უსინათლოებთან" ფარგლებში პირველად 2010 წელს აღინიშნა.