ირაკლი შოთაძე: " ჩვენ რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ"
იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება წინ არის წასული,- ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გადაცემა ,,რეაქციაში" ჩართვისას განაცხადა.
შოთაძის თქმით,დღევანდელი პროკურატურა, საგამოძიებო ნაწილის დანაყოფი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რომ ეს საქმე გაიხსნას.
"ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში, პროკურატურის ნებისმიერი თანამშრომლის იმედი არის, რომ საქმე გაიხსნება. ეს იმედი რომ არ იყოს, რომ ჩვენ გავხსნით ნებისმიერ მომხდარ დანაშაულს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადად ამ სამსახურში და ამ თანამდებობაზე არ ვიმუშავებდი...
ეს საქმე საწყის ეტაპზეა. მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და მე პირადად და იმ საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც ამ საქმის გამოძიებაშია ჩართული, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენ ამისთვის არაფერს დავიშურებთ", - განაცხადა შოთაძემ.
პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.
"ამ ეტაპზე ჩვენ რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, საქმეში არის წინსვლა. 11 დღით ადრე გაცილებით ნაკლები ვიცოდით, ვიდრე დღეს ვიცით და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ ვერსიებზე, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ჩასატარებელია საკმაოდ ბევრი საგამოძიებო მოქმედება. ეს საქმე ცხელ კვალზე ვერ გაიხსნა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შესაბამისად, აქ ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ამ წამსაც გრძელდება. მე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე წინ არის წასული. არის ვერსიები", - განაცხადა შოთაძემ.