ნანა დევდარიანი: ვნახოთ, რა იქნება თებერვალში!

ნანა დევდარიანი: ვნახოთ, რა იქნება თებერვალში!

„ივერიონს“ ესაუბრება „ცესკო“-ს ყოფილი თავმჯდომარე, ჟურნალისტი ნანა დევდარიანი.

-ქალბატონო ნანა, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შესაძლებელია ვაზიანში ნატოს საწვრთნელი ბაზა აშენდეს. მიუხედავად იმისა, რომ, ჯერ-ჯერობით,  ჩვენთვის არ სცალია, რას მოიმოქმედებს  ამის საწინააღმდეგოდ რუსეთი?


-ეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. როგორც თქვეს, აქ სირიაში მებრძოლი მეამბოხეებიც გაიწვრთნებიან, რასაც რუსეთი უსათუოდ  აღიქვამს საფრთხედ და რას მისცემს ეს საქართველოს? ჯერ ერთი, ჩემი აზრით, ეს აშს-ს მხრიდან საქართველოს შიდაპოლიტიკაში ჩარევაა, მეორე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ისლამური სახელმწიფოები და სირია საქართველოდან შორსაა, ძალიან ცდება! აშშ-ს რუსეთის საზღვართან დამკვიდრება სურს, მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის მომგებიანი იქნება?  მოკლედ, ევროპას საკუთარ კონტინენტზე ვერაფერი გადაუწყვეტია აშშ-ს გარეშე! მე ამ ბაზების აშენების წინააღმდეგი ვარ, ხოლო აშშ-მ კეთილი ინებოს და, თვითონ რომ მოითხოვს სხვებისგან გამჭვირვალობას, აუხსნას მოსახლეობას, რას ნიშნავს ვერშბოუს განცხადება ამერიკელების აქ ჩამოსვლისა და ბაზაში მუშაობის შესახებ?!


-საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტას ვარაუდობს. რამდენად ხელსაყრელი იქნება  ასეთი გადაწყვეტილება საქართველოსთვის?


-მან ეს ვაშინგტონში განაცხადა. აშშ-ს რუსეთის იზოლაცია უნდა, მაგრამ ჩვენ ჩვენს მოსახლეობაზე არ უნდა ვიფიქროთ? ევროპაში აქციები იმართება, რადგან რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმმა მთელი ევროპა დააზარალა. რუსული ბაზარი რომ ჩაიკეტოს, რა ეშველება გლეხებს, რომლებსაც პატარა შეღავათი მიეცათ რუსულ ბაზარზე გასვლით? ამ ურთიერთობის ვიღაცის სასიამოვნოდ შეწყვეტა როგორ შეიძლება?! ამერიკა ჰუსეინთან და კადაფთანაც თანამშრომლობდა  თავის დროზე, მაგრამ მათი დამხობისთვის ხელი არ შეუშლია. ეს იმის მაგალითია, რომ ჩვენი ინტერესები ჩვენ უნდა დავიცვათ!


-როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან?


გააკრიტიკა თუ არა ისინი ივანიშვილმა, ამერიკის ელჩი მათი ხელშეუხებლობის გარანტად გამოვიდა.  ე.ი. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ხელისუფლების კრიტიკის უფლება და  ხელისუფლებას  არა? ეს უკვე სასაცილოა, იდიოტიზმია, მათ ხმის ამოღების უფლება ჩამოართვეს ივანიშვილს!


მეც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვარ ბიძინასავით, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ბიძინა მძიმე წონიანად ეჩვენებათ და ეშინიათ. რატომ ამბობს ნორლანდი მათზე ჩვენი პარტნიორები არიანო, რადგან აშშ აფინანსებს და მის ინტერესს იცავენ? და სად არის აქ საქართველოს ადგილი? (გაიხსენეთ,  არასამთავროებმა არ შეუშალეს ხელი სახელმწიფოს მცდელობას მიწაზე მორატორიუმის დაწესებაზე?).


-ეთანხმებით თუ არა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციას, რომელიც შეიძლება მომავალშიც გაგრძელდეს?


-მე არ ვიზიარებ მათ მოთხოვნას, რადგან  ჩვენი ამოცანა მთავრობის გამოფხიზლება უნდა იყოს და არა შეცვლა, თუმცა, ვემხრობი აქციის პათოსს. ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ , როგორც ივანიშვილმა თქვა, თებერვალში ბევრი რამ მოგვარდება. უკვე თებერვალია, თან მოკლე თვეა და ვნახავთ, რა იქნება!
   
                    ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: