გულბაათ რცხილაძე: რუსეთის ბაზარი რომ დაიხუროს, საქართველოში სოციალური აფეთქება გარდაუვალია!

გულბაათ  რცხილაძე:  რუსეთის ბაზარი რომ დაიხუროს, საქართველოში სოციალური აფეთქება გარდაუვალია!

საქართველოში მოსალოდნელი ამერიკული ქაოსისა  და  ქართველი მაღალჩინოსნებისა და მათი ნათესავების ახალი პროფესიების შესახებ “ივერიონს“ „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ესაუბრა. 


-ბატონო გულბაათ, თქვენ  საქართველოში  აშშ-ს მიერ დაგეგმილ ქაოსს წინასწარმეტყველებთ. რა გიქმნით ეჭვის საფუძველს?


- ქაოსის გამოწვევის საფუძველს მათი განცხადებები და ბოლო დროს საქართველოში განვითარებული  კომპლექსური მოვლენები ქმნის - ბოლო დროს “ნაციონალები“ ძალიან გააქტიურდნენ; იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ვერ იძიებენ, რადგან შსს-მ არც იცის, რა როგორ მოხდა; საგარეო საქმეთა მინისტრი ბერუჩაშვილი და სხვა ოფიციალური პირები  ერთი კვირაა აშშ-ში ვიზიტით დათარეშობენ, რაც, ოფიციალურად, პროტოკოლით მიუღებელია. საქმე ისაა, რომ აშშ-ში ამათ მინისტრებად კი არ აღიქვამენ, არამედ რაღაცისთვის “ამუშავებენ“ და  “ამზადებენ“, ხოლო  საქართველოში სერიოზულ თანამდებობაზე ვერავინ დაინიშნება აშშ-ში ერთხელ მაინც თუ არ არის “ნამყოფი“.


ვინაიდან  საქართველოსთვის ჟანგბადის ერთადერთ  წყარო რუსეთია, აშშ  ჩვენთან  დესტაბილიზაციის  შექმნასა  და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის  დაძაბვას ცდილობს, თუმცა ჩვენი ხელისუფლება ამას ერიდება!

ბერუჩაშვილის ნათქვამი რომ ახდეს და რუსეთის ბაზარი  დაიხუროს (რომლის ღიაობაც ჩვენ გვაინტერესებს და არა რუსეთს), საქართველოში სოციალური აფთქება გარდაუვალია!


აშშ-ს მიზანია  საქართველოში სიტუაცია  არაბულ-ისლამური  სახელმწიფოების მსგავსად მართოს. სავარაუდოდ,  საქართველო მალე იქნება იმ ქაოსის ნაწილი. რატომ? იმიტომ, რომ  აშშ  ქართულ ხელისუფლებას  არ ენდობა. მართალია, ჩვენები ფეხქვეშ ეგებიან, მაგრამ მათ უპირობო კაპიტულაცია უნდათ.


-თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შესაძლებელია ვაზიანში ნატოს საწვრთნელი ბაზა აშენდეს. მიუხედავად იმისა, რომ, ჯერ-ჯერობით,  ჩვენთვის არ სცალია, რას მოიმოქმედებს  ამის საწინააღმდეგოდ რუსეთი?


-ჯერ ერთი, რუსეთი აუცილებლად მოიცლის საქართველოსთვის. მეორე, დღევანდელი თავდაცვის მინისტრი პაიკია, “პეშკაა“, რომელსაც, თავის დროზე, არასამართლიანად მოახდევინეს ბოდიში.  მესამე, ეს ბაზა მხოლოდ საწვრთნელი ბაზა კი არა, ბევრი სისაძაგლის სათავე გახდება და საზოგადოებამ მხოლოდ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა კი არ უნდა გააპროტესტოს აქციებით, არამედ ამ ბაზების მშენებლობაც!


-საგარეო საქმეთა მინისტრი ბერუჩაშვილი რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტას ვარაუდობს. რამდენად ხელსაყრელი იქნება  ასეთი გადაწყვეტილება საქართველოსთვის?


-მართალია, ახალი ხელისუფლება ნელი ტემპით მიდიოდა რუსეთისკენ, თუმცა მაინც სწორი იყო გეზი - საუბრობდნენ ეკონომიკაზე, აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაზე (რომელიც აფხაზებს არა, მაგრამ რუსებს უნდათ), დაღესტანთან დამაკავშირებელ  გზაზე და ა.შ. ეს მოლაპარაკება თუ შეწყდა, პოლიტიკური საკითხებს ვერ მოვაგვარებთ.


რას აკეთებს დღეს ბერუჩაშვილი? რატომ არ ცდილობს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას რუსეთთან? ჩემი აზრით, ეს ქალი ყველა მთავრობას იყო მორგებული, თუმცა პროფესიონალიზმის ნატამალი არ აქვს! ნუ ეწყინება რა, და  მინისტრობა  მისი საქმე არ არის. მან არ იცის მსოფლიო ისტორია-გეოგრაფია, თუმცა ევროპული გრანტების ჭამა კარგად იცის - წავიდეს და სახლში ლობიო მოხარშოს, არ სჯობს? თუ ჩვენს ქვეყანას პატრონი ჰყავს (და ეს ნამდვილად არ არის ღარიბაშვილი), მივმართავ (გულისხმობს ბიძინა ივანიშვილს), სახელმწიფო არ არის ფირმა ან ზავოდი, მას გონივრულად სჭირდება მართვა!


-როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან?


-აშკარაა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჟურნალისტები, ეხმარებიან, აზრის ამოფრქვევაში უწყობენ ხელს და ხელოვნურად აპიარებენ. მართალია, მათ ლაპარაკს ვერ აუკრძალავენ, მაგრამ  იგნორირება აუცილებელია. ამერიკის ელჩის მიერ მათდამი გამოხატული მხარდაჭერა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მათი სახელების ხშირად ხსენება, მათ სიცოცხლისუნარიანობას  უწყობს ხელს.


-ეთანხმებით თუ არა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციას, რომელიც შეიძლება მომავალშიც გაგრძელდეს?


-უკვე მოსაბეზრებელი გახდა მიტინგზე მისული ხალხის თვლა. ზოგჯერ  ხუთი კაცის ნააზრევს მეტი ფასი აქვს, ვიდრე ათას ხუთასისას. მთავრობის გადადგომა არაფერს შეცვლის - ჩვენ პოლიტიკური პრინციპების ცვლილება უნდა მოვითხოვოთ. სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების  გარანტი მხოლოდ ნატოს ბაზები  და ნატოს წევრობა არ არის, ეს უკრაინის მაგალითზეც კარგად ჩანს.


ჩვენმა ხელისუფლებამ თვითონ უნდა იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოზე, თუმცა “ქართული ოცნებაში“  კალაძე-ღარიბაშვილს შორი შიდაკლანური ჭიდილია, პოლიტიკურად და იდეოლოგიურად კი არა... ეს ალასანიათან უფრო ჰქონდა ღარიბაშვილს, არამედ საკუთარი ბიძებისა და ცოლისძმების დასაქმების დონეზე. თან ისინი იმდენად არაკვალიფიციური და სამარცხვინო კადრებია, მათ დაწინაურებას სჯობს ყურძენი დააწურვინონ ან  ძროხები აწველინონ, ამათ კიდევ სოფლიდან ჩამოიყვანეს ეგენი. ერთი სიტყვით, “ქართული ოცნება“  შეშინებულია და ანეკდოტური მოვლენასთან გვაქვს საქმე უკვე!

                                                          ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: