ომბუდსმენმა "მოსმენებთან" დაკავშირებით მიღებული კანონი გაასაჩივრა
სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში "მოსმენებთან" დაკავშირებით მიღებული კანონი გაასაჩივრა. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"2015 წლის 30 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა, რომელშიც სადავოდ არის გამხდარი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით.
ამრიგად, გასაჩივრებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 30 ნოემბერს მიღებული ე.წ. "მოსმენებთან" დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები.
სარჩელის მიხედვით, გასაჩივრებული დებულებები შესაძლებელია სახელმწიფო ორგანომ გამოიყენოს, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დამოუკიდებელი საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც განსხვავდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურისგან. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია პროკურორის დადგენილების საფუძველზე, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას და ამგვარი ქმედების კანონიერება 24 საათის განმავლობაში უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ. აღნიშნულისგან განსხვავებით, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ამგვარი საგამოძიებო მოქმედებისთვის საკმარისია მხოლოდ პროკურორის მოტივირებული დადგენილების არსებობა",-აღნიშნულია განცხადებაში.