ჯეიმს აპატურაი: "ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების გაწევას"
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო-ს არ აქვს ძალა, ხელი შეუშალოს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას. ამის შესახებ მან "საზოგადოებრივ მაუწყებელთან"ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ხელშეკრულებას ძალა არ აქვს. მას არავინ სცნობს. ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვეა", - განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, ამ ახალ, ე.წ. ხელშეკრულებას არ ექნება ძალა, ისევე, როგორც არ აქვს და არასდროს ექნება ძალა ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც სოჭში, გასულ წელს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასა და რუსეთს შორის გაფორმდა.
"ჩვენ არ ვაღიარებთ არათუ ამ ხელშეკრულებების, არამედ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს ძალა, რომ ხელი შევუშალოთ რუსეთს, ვაიძულოთ, რომ არ გააფორმოს ეს ხელშეკრულება. ჩვენ ვეხმარებით და გავაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების გაწევას პოლიტიკურ, პრაქტიკულ და დიპლომატიურ დონეზე", - აღნიშნა აპატურაიმ.