როგორ დაიგეგმა ია მეტრეველის მკვლელობა და რატომ დუმდა ამაზე სახალხო დამცველი?

როგორ დაიგეგმა ია მეტრეველის მკვლელობა და რატომ დუმდა ამაზე სახალხო დამცველი?

"2008 წლის ივლისში დამაკავეს და შს პირველი სამმართველოს უფროსის, გიორგი ხიზანიშვილის კაბინეტში შემიყვანეს. იქ ირაკლი ფირცხალავა დამხვდა. ხიზანიშვილს ვიცნობდი, ფირცხალავას - არა... ჩემს ცემას ფირცხალავაც ესწრებოდა. ხიზანიშვილმა მითხრა,""სროკზე"" ხარ და 20 წლამდე გელოდება. თუ ჩვენთან ითანამშრომლებ, აქედან სუფთად გაგიშვებთო. ვკითხე, როგორ უნდა მეთანამშრომლა... ირაკლი ფირცხალავა დაინტერესდა, ვიცნობდი თუ არა ზურაბ ვაზაგაშვილს, რაზეც უარი ვუთხარი. მითხრა, შენ ქუჩაში მოძრაობ და შეგიძლია შეაგროვო ინფორმაცია ვაზაგაშვილზე. იქნებ ვინმე ჰყავდეს დაჭრილი, დაყაჩაღებული ან მოკლულიო. თუ დაგვეხმარები, მეფესავით გაცხოვრებთ - წამალიც გექნება და ვერავინ დაგაკავებსო. დავთანხმდი, ვუთხარი, ვეცდები-მეთქი. ამ დროს ხიზანიშვილმა მითხრა, კიდევ ერთ საქმეზე მინდა იფიქროო. ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს უნდა მოუაროო. მე ის უნდა მომეკლა. 

 

ხიზანიშვილმა ისიც მითხრა, "მასტერა" იარაღს მოგცემსო და სცენარიც გამაცნეს. ვითომ ყაჩაღობა უნდა მომხდარიყო. ია მეტრეველი მაღაზიაში რომ შევიდოდა, მე  იარაღს მივადებდი. მიუხედავად იმისა, წინააღმდეგობას გამიწევდა თუ არა, შუბლში უნდა მესროლა ტყვია. დამაკავებდნენ, მაგრამ ციხეში ე.წ. მწვანე ბილეთი  მექნებოდა, ანუ კარგ პირობებში ვიქნებოდი, ნარკოტიკიც არ მომაკლდებოდა... ამას ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ხიზანიშვილი და კახა ლეგაშვილი მავალებდნენ. ვანო მერაბიშვილის მოადგილე გია ლორთქიფანიძეზე მეუბნებოდნენ, ისიც საქმის კურსშიაო. მათ შემოთავაზებას დავთანხმდი, თუ არ დავთანხმდებოდი, 20-წლიან "სროკზე" უნდა წავსულიყავი, ან მათი დავალება შემესრულებინა...

 

სამი დღე დავდიოდი საბურთალოზე, თითქოს ზურა ვაზაგაშვილზე ინფორმაციას ვაგროვებდი. შემდეგ ქვეყნიდან წავედი. 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების დროს თბილისში ჩამოვედი და გიორგი ხიზანიშვილს დავუკავშირდი, მან მითხრა, ახლა ამ საქმეების განხილვის დრო არ არის, ცოტა მოითმინეო. ამან შეუშალა ხელი გეგმის შესრულებას... ირაკლი ფირცხალავა მაშინ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, კახა ლეგაშვილი - კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო გიორგი ხიზანიშვილი კი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი იყო... მერე ცოტა ხნით ისევ წავედი საქართველოდან, რომ დავბრუნდი, დამაკავეს", - ეს ამონარიდია პატიმარ ლაშა შავიძის ჩვენებიდან. მას 10 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. (აღნიშნულ ინფორმაციას "კვირის პალიტრა" ავრცელებს)

 

შეუკვეთეს თუ არა ყოფილმა ძალოვანებმა ბუტა რობაქიძის დედის ლიკვიდაცია ლაშა შავიძეს, ეს პროკურატურას აქამდე უნდა გაერკვია, მაგრამ, როგორც ჩანს, მთელი წელი საქმე თაროზე იყო შემოდებული და ის არც სახალხო დამცველს გახსენებია და არც პროკურატურას. ვაზაგაშვილის სადისტური მკვლელობის შემდეგ ნანუაშვილს ია მეტრეველმა შარშანდელი საქმე ისევ შეახსენა და პატიმრის უსაფრთხოების დაცვა სთხოვა. ნანუაშვილმა პროკურატურას საქმის სასწრაფოდ გამოძიება მოსთხოვა. 

 

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების: ირაკლი ფირცხალავას, კახა ლეგაშვილის, გიორგი ხიზანიშვილისა და გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. პროკურატურის ცნობით, ზედამხედველმა 2008 წლის ივლისში ლაშა შავიძე დააკავეს და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაიყოლიეს, ია მეტრეველი მოეკლა. ეს ფაქტი ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში გაცხადდა. ია მეტრეველს სისტემატურად უკავშირდებოდა ციხიდან ლაშა შავიძე და უყვებოდა, როგორ იგეგმებოდა მისი მკვლელობა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ თურმე შეშინებულმა ლაშა შავიძემ მას ისევ დაურეკა.

ია მეტრეველი: - 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში ტრაგედიის ადგილზე ვიდექი, როცა ციხიდან ლაშამ დამირეკა. ძალიან შეშინებული იყო და შველას ითხოვდა. მიშველეთ, ახლა შეიძლება მეც მიმაყოლონ. იქნებ ხმა მიაწვდინოთ ნანა კაკაბაძესო. ნანაც იქ იყო და მას დავალაპარაკე. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილიც ელაპარაკა ლაშას და დაჰპირდა, რომ სათვალთვალოკამერიან საკანში გადაიყვანდნენ, რომ დეპარტამენტი იზრუნებდა მის უსაფრთხოებაზე. სახალხო დამცველსაც ვთხოვე, მიექცია ყურადღება. ამის შემდეგ გააკეთა ნანუაშვილმა ის განცხადება. შეშინებული, ტირილით რეკავდა ლაშას დედაც, მიშველეთ, შვილი არ მომიკლანო.

 

- აქამდე რატომ დუმდა სახალხო დამცველი, ეს ფაქტი ხომ შარშან გახმაურდა?

- ეს მას ჰკითხეთ. ფაქტია, მან შეუშვა წარმომადგენელი ციხეში ამ პატიმართან და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს. მერე რატომ არ მიეცა მსვლელობა, არ ვიცი. 

 

- თქვენ რას გიყვებოდათ ლაშა შავიძე?

- შარშან დამირეკა ციხიდან და მითხრა ეს ამბავი. სიმართლე გითხრათ, არ დავიჯერე, მაგრამ მერე ძალიან გაახშირა ზარები ჩემთან. ისეთ დეტალებს მეუბნებოდა, რაც სიმართლესთან ახლოს იყო. მათ გვარებს ასახელებდა, ვინც ბუტას საქმეში ფიგურირებდნენ. მეუბნებოდა, გეხვეწებით, შემომიგზავნეთ ადვოკატები, რომ ყველაფერი ვუამბოო. ეს ამბავი მაშინ ბატონ იურის ვუთხარი და მან შეუშვა თავისი ადვოკატები. ლაშა ამბობდა, რომ ვაზაგაშვილებზეც ჰქონდა ბევრი სათქმელი. მერე მითხრა, ადვოკატები ცოტა ხნით იყვნენ და ვერ მოვასწარი ყველაფრის მოყოლაო. მაშინ "ნაციონალი" ციხის ხელმძღვანელი იყო და ეშინოდა, რამე არ მომიწყოსო. როცა ის კაცი მოხსნეს, მითხრა, ახლა უსაფრთხოდ ვარო. პირადად ვესაუბრე პროკურატურაში ირაკლი შოთაძეს და ვთხოვე, შეეშვათ შავიძესთან გამომძიებელი, მაგრამ ამაოდ. ლაშა ამბობს, წამლის მომხმარებელი ვარ და ამიტომ ამომირჩიეს, ადვილად სამართავი რომ ვყოფილიყავიო. მე რომ არ მიმემართა ბატონი იურის სიკვდილის შემდეგ სახალხო დამცველისთვის, გააკეთებდა თუ არა განცხადებას, არ ვიცი. მეც ვიყავი დაკითხვაზე და მივეცი ჩვენება. რას აკეთებდა მთელი წელი პროკურატურა?

 

- დღეს გრძნობთ თავს დაცულად?

- ამ სიტუაციაში ძნელია, თავი დაცულად იგრძნო, მაგრამ არც მაშინ მეშინოდა და არც ახლა. რისი უნდა მეშინოდეს, შვილი მომიკლეს და ჩემს სიცოცხლეზე ვიფიქრო? პროკურატურამ დაცვა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი. უფლის ნებაა ყველაფერი. თუ მომკლავენ, კარგი იქნება, ჩემს შვილთან ადრე წავალ. მთავარია, ის ბიჭი გადარჩეს. ამბობს, ბევრი ინფორმაცია მაქვსო. 

 

ჩვენ ადვოკატ მერაბ ჩიქოვანს ვთხოვეთ გაეხსენებინა პატიმართან შეხვედრის დეტალები: - მე და გაგი მოსიაშვილმა ეს ამბავი 2014 წლის თებერვალში შევიტყვეთ და პატიმარს შევხვდით. დეტალურად გვიამბო ყველაფერი. ამბობს, ზურაბ ვაზაგაშვილზე მთხოვდნენ მაკომპრომეტირებელი მასალის მიწოდებასო. უნდა მოეძებნა ისეთი ადამიანი, ვინც მას ამხელდა კრიმინალურ წარსულში. 

 

ისიც გვითხრა, რომ ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ხიზანიშვილმა შესთავაზეს ია მეტრეველის მკვლელობა. შავიძე შევიდოდა მაღაზიაში, სადაც ია მეტრეველი იქნებოდა, და გაითამაშებდა დაყაჩაღებას. ამ დროს ვითომ შემთხვევით გაუვარდებოდა იარაღი და მოკლავდა ქალს. ამის შემდეგ საქმეს გახსნილად გამოაცხადებდნენ, შავიძეს მისცემდნენ ნაკლებვადიან სასჯელს და უზრუნველად იცხოვრებდა ციხეში, ნარკოტიკს არ მოაკლებდნენ... როცა ეს საქმე შესთავაზეს, შავიძემ დრო ითხოვა. გვითხრა, რამდენჯერმე დამირეკა ხიზანიშვილმაო და მისი ტელეფონის ნომერიც დაასახელა. შავიძე იმიტომ დათანხმდა, სხვა გზა არ ჰქონდა, თან შეჰპირდნენ, მალე გარეთაც გაგიშვებთო. 

გამოკითხვის ოქმში საუბარია სხვა პირებზეც, რომლებიც ციხეში ავიწროებდნენ მას შემდეგ, რაც თანასაკნელებთან ისაუბრა ამ თემაზე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ერთი წელია ეს ინფორმაცია აქვს სახალხო დამცველს. 

 

ირაკლი ფირცხალავა ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და სახალხო დამცველს სთხოვს, განმარტოს, რატომ დუმდა აქამდე. "მგონია, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს. 2014 წლის 27 თებერვალს მივმართე შს მინისტრს, როდესაც ეს ინფორმაცია ვაზაგაშვილის ადვოკატებმა გაახმაურეს. ეს პატიმარი სწორედ ვაზაგაშვილის ადვოკატებმა იპოვეს და ინფორმაცია გამოიტანეს. ამ განცხადების საფუძველზე სამინისტროში დამკითხეს. შემდეგ დაელაპარაკნენ ზედამხედველ პროკურორს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს საქმე არ არის შს სამინისტროს კომპეტენცია და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გადაეცემოდა. ია მეტრეველმაც ბევრჯერ გაახმაურა, მაგრამ რატომღაც არ დაინტერესებულა მაშინ სახალხო დამცველი ამ ქალბატონის უსაფრთხოებით. ქალბატონი ია ცოცხალია და ასეც იქნება, რადგან მისი მკვლელობა არავის დაუგეგმავს. წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის ეს პატიმარი. დარწმუნებული ვარ, ყველაფრის უკან დგანან ის პოლიტიკოსები, ვისაც შავ სამყაროსთან ვალდებულებები აქვთ", - ამბობს ირაკლი ფირცხალავა. 

 

"კვირის პალიტრა" სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილსაც ესაუბრა.

 

- ერთი წლის წინ მიღებული ინფორმაცია ახლა რატომ გაახმაურეთ? 

- შარშან, მაისში, ქალბატონმა იამ ეს ინფორმაცია მომაწოდა, თუმცა, მაშინ მსჯავრდადებულისგან დაწვრილებით ვერაფერი შევიტყვეთ და გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მივმართეთ. იური ვაზაგაშვილის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ია მეტრეველი ისევ დამიკავშირდა და მითხრა, პატიმარს, რომელსაც ჩემი მკვლელობა შეუკვეთეს, შესაძლოა, ციხეში პრობლემები შეექმნასო. შევხვდი მსჯავრდადებულს და მან შესაძლო მკვლელობის შემკვეთები დამისახელა. ჩანს, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ, მას დაუცველობის განცდა დაეუფლა. საქმეში დანაშაულის ნიშნების შესაძლო არსებობის შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე გვქონდა, ამიტომ გავახმაურე... 

 

- ბრალის დამტკიცებამდე მკვლელობის შესაძლო შემკვეთად ფირცხალავას დასახელებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაირღვა? 

- თქვენ ამბობთ, რომ სახალხო დამცველმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია? ჩვენ მსჯავრდადებულის ინფორმაციაზე დაყრდნობით ვსაუბრობთ შესაძლო დანაშაულის ნიშნებზე, სიმართლე კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებამ ბევრი უნდა გამოაფხიზლოს. თუ ამ საქმეებს არ გამოიძიებენ, ერთგვარი ალტერნატივა იქნება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. დრო გადის, კვალი იშლება...  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: