ზაზა ხატიაშვილი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის ვინაობას მიმდინარე კვირაში დავასახელებთ
საქათველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წარუდგენს. განცხადება ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა გააკეთა.
ხატიაშვილს კანდიდატურის ვინაობა ამ ეტქპისთვის არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ მას მიმდინარე კვირაში განაცხადებს.
"ადვოკატთა ასოციაციაში აღმასრულებელ საბჭოსთან კონსულტაციით შევჯერდით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე. ეს ადამიანი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მთავარი რაც არის, ის არის პრინციპული და არასდროს არ მოიქცევა პროკურორების გავლენის ქვეშ. მის ვინაობას მიმდინარე კვირაში დავასახელებთ", - განაცხადა ხატიაშვილმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ექინააღმდეგება იმ აზრს, რომ აღნიშნული თანამდებობა პოლიტიკასთან დაკავშირებულმა პირმა უნდა დაიკავოს.
"თუმცა, თუ მაინც ასე მოხდა, ადვოკატთა ასოციაცია ისურვებდა, რომ ეს ადამიანი იყოს ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც არის ძალიან პრინციპული, პროფესიონალი და არასდროს მოექცევა პროკურატურის გავლენის ქვეშ", - განაცხადა ხატიაშვილმა.