პრეზიდენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის თანამდებობაზე პარლამენტს ცხრა კანდიდატურა წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ღია კონკურსის შედეგად შერჩეული ცხრა კანდიდატურა წარუდგინა.
მათი ინფორმაციით, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მან ანა ნაკაშიძის, მერაბ ქათამაძისა და აკაკი სიხარულიძის კანდიდატურები წარადგინა; მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე ელისო ასანიძის, რატი სხირტლაძისა და სიმონ ნოზაძის კანდიდატურები შესთავაზა; ხოლო მესამე ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, გიორგი ფრუიძის, სერგო შავგულიძისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები დაასახელა.