ვანო ჩხარტიშვილი მზადაა პროკურატურასთან ითანამშრომლოს
ჩხარტიშვილის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ბადრი პატარკაციშვილის გამოყენებას ცდილობს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაბუნიამ განაცხადა, გიგი უგულავა, ირაკლი რუხაძე და დავით კეზერაშვილი ლონდონში ჩავიდნენ ბადრი პატარკაციშვილის მეუღლესთან, ინა გუდავაძესთან.
ისინი ცდილობენ ""მზის"" წილი მასზე გადააფორმონ და ამით დაამტკიცონ, რომ "მზე" პატარკაციშვილისაა და არა ჩხარტიშვილის. მისივე თქმით, პატარკაციშვილების ოჯახისთვის იმედის დაბრუნება იმ გარიგების შედეგია, რომელიც გიგი უგულავამ და ყოფილი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა გააფორმეს.
ადვოკატის თქმით, თუ გუდავაძე ამას ხელს არ მოაწერდა, გაამჟღავნებდნენ იმ ფაქტებს, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა პატარკაციშვილების ოჯახის ღირსება შელახულიყო. დიმიტრი გაბუნიას თქმით, ჩხარტიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს პროკურატურასთან ითანამშრომლოს.