დიმიტრი გაბუნია: ტელეკომპანია "მზე" ჩხარტიშვილს პირადად სააკაშვილმა წაართვა!
ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ტელეკომპანია "მზის" ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ელდარ მდინარაძესთან ერთად "თბილისი მარიოტში"" პრესკონფერენცია გამართა. იგი ტელეკომპანიის დაბრუნების მოთხოვნით გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
ადვოკატის თქმით, სააკაშვილმა დაიბარა ვანო ჩხარტიშვილი და უთხრა, რომ მზის 100%-იანი წილი დავით ბეჟუაშვილისთვის გადაეფორმებინა. შეხვედრას ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა. ამ ტრანზაქციისთვის მას თითქოსდა 140 000 დოლარი გადაუხადეს, თუმცა სინამდვილეში ერთი თეთრიც არ მიუღია.
ასევე, მისი ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მისი 8 წლის შვილიშვილი, ფაქტობრივად, 23 დღის განმავლობაში გატაცებული იყო.
ამასთან ერთად, "მზის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ელდარ მდინარაძემ საზოგადოებას დეტალურად უამბო ტელეკომპანიის დაარსების და მისი წართმევის ისტორია.