ეკა ბესელია: საფრთხეების ნეიტრალიზება - სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხია!
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში გარკვეულ ძალებს დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობა სურთ.
"მესმის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების კონტექსტი. მას ნაგულისხმები აქვს ის საფრთხეები, რომლებიც არ გვაკლია გეოსტრატეგიული მდებარეობისა და მეზობელი ქვეყნების ზრახვების გამო. ასეთი საფრთხეების ნეიტრალიზება - ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი. შს მინისტრი რომ მოვიდეს პარლამენტში იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მოუყვეს მათი ზრახვებისა და მავნებლური მოქმედებების შესახებ, ძალიან არასერიოზულია. ამისთვის მინისტრები არ დადიან პარლამენტში. როცა ასეთი მოქმედებები იგეგმება, არსებობს შესაბამისი ღონისძიებები და ამით ხდება პასუხის გაცემა. არ მგონია, შს მინისტრს იმის დრო ჰქონდეს, "ნაციონალებს" გაეცნოს და ამას დაუთმოს მნიშვნელოვანი სამუშაო დრო, რომელიც მას სჭირდება საქმის გასაკეთებლად. არ მიმაჩნია შს მინისტრის მოწვევა მართებულად", - განაცხადა ეკა ბესელიამ.