“სახალხო პარტია”: საყდრისის უკან დიდი მატერიალური ინტერესები დგას
რუსული კომპანია რმჯ-ი გოლდი ხელისუფლების მხარდაჭერით უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საყდრისის უძველესი ოქროსმომპოვებელი საბადოს ვანდალურ განადგურებას, რომლის უკან იმდენად დიდი მატერიალური ინტერესი და ძალები დგას, რომ ისინი არ ითვალისწინებენ არც ქართველი და არც უცხოელი მეცნიერების, არც საქართველოს ეკლესიის და არც სამოქალაქო საზოგადოების, არც ახალგაზრდებისა და არც უფროსი თაობის, ერთი სიტყვით საქართველოს და საქმეში ჩახედული მსოფლიოს მოქალაქეთა უმრავლესობის აზრსა და არგუმენტებს.
ჩვენთვის ბოლო მომენტამდე მაინც აუხსნელი რჩება ის ჟინი, რომელიც საყდრისის მიმართ გამოავლინა საყდრისის დამანგრევლებმა. ეს ჟინი ისტორიული ოქროს ციებ-ცხელების ყველაზე დიდი მასშტაბებსაც მრავალგზის აჭარბებს. Fფინანსურად, საყდრისის ბორცვი (რომელიც მთელი დასამუშავებელი ფართობის უმნიშვნელო ნაწილია) მთლიანად ოქროც რომ იყოს, მაინც აუხსნელი დარჩებოდა ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი აზრის უარყოფის საპირწონედ მისი წარმოდგენა.
ამ ჟინის დამატებითი მოტივაცია ეტყობა იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენთვის არის გაცხადებული. თუ ლოგიკას გავყვებით ყურადსაღებია ზოგიერთი ქართველი მეცნიერისა და სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრება, რომ ამ "საიდუმლოს ამოხსნა" საყდრისიდან გატანილი ე.წ. "მდორე შენადნობის" შემადგენლობაში არსებული ნივთიერება პლატინიუმია. Kკიდევ უფრო შემაშფოთებელია ინფორმაცია საყდრისის ბორცვის ქანებში სტრონციუმის არსებობის შესახებ. სტრონციუმი, როგორც ცნობილია რადიაქტიური ნივთიერებაა, ძალიან საშიშია თავისი თვისებებით ადამიანის ჟანმრთელობისთვის და წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება ბირთვულ შეიარაღებაში ურანის გასამდიდრებლად.
აქ ფასებისა და საზოგადოებრივი ინტერესების საკითხი შორდება ოქროს ფასსა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით ერთად აღებული, სცილდება ქართული სახელმწიფოს ფარგლებს და საყდრისის ნგრევის საკითხი და იქ სტრონციუმის მოპოვება მსოფლიოს პრობლემად წარმოჩინდება.
"სახალხო პარტია" მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს საყდრისის ბორცვზე სამუშაოები, არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად, არამედ იქ დასაქმებული ადამიანების უარყოფითი რადიაციული ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით, ჯეროვნად შეისწავლოს საკითხი ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით და მოაქციოს საყდრისთან დაკავშირებული საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ნორმებითა და უსაფრთხოების სტანდარტებით გათვალისწინებულ ფარგლებში.