გურამ გირგვლიანი: რეალურად სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ბევრი ოჯახი გაამწარა
"ყველასთვის ცხადია, თაკო სალაყაიას პირდაპირი დაკვეთით მომიკლეს შვილი ოქროყანის სასაფლაოზე, სადაც ახალაიების ქვეშევრდომებმა წაიყვანეს,"- ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა "საქართველო და მსოფლიოს" განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დროს დაწყებული მკვლელობები ისევ გრძელდება.
"ის, რაც იური ვაზაგაშვილს დამართეს, იმის გაგრძელებაა, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2004 წელს დაიწყო. ვგულისხმობ ბუტა რობაქიძის ჩაცხრილვას, რომელიც პირველი შეიწირა სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა. ამას მოჰყვა ჩემი სანდროს, ზურა ვაზაგაშვილისა და უამრავი ქართველი ახალგაზრდის უმიზეზოდ დახოცვა. თუმცა მხოლოდ ეს გვარებია გახმაურებული, რეალურად მანამდეც ბევრი ოჯახი გაამწარა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ. უბრალოდ, იმ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ჩვენსავით ვერ ახმაურდნენ და სამართალის ძიება ვერ შეძლეს ისე, როგორც ამას სჩადიოდა ჩემი მეუღლე ირინა ენუქიძე, იური ვაზაგაშვილი, რობაქიძეები და სხვები.
ის საქმე, რომელიც ჩემმა მეუღლემ დაიწყო და გარდაცვალების გამო ბოლომდე ვერ მიიყვანა, სწორედ იური ვაზაგაშვილმა განაგრძო. იური ვაჟკაცურად იბრძოდა სიმართლის დასადგენად, მაგრამ საკუთარი შვილის საფლავს დააკლეს. ირინაც და იურიც მიზანმიმართულად, პრინციპულად იბრძოდნენ და ამიტომაც იდგა ქართველი ხალხი მათ გვერდით, იცოდნენ, რომ ეს ადამიანები მართლები იყვნენ,"- აცხადებს გურამ გირგვლიანი.