დავით უსუფაშვილი: საქართველოს დროს მნიშვნელოვნად ჩამორჩა
ჩვენ გვაქვს დროსთან, ეპოქასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა.
"მოდით, ყველა ერთად დავფიქრდეთ სად ვართ – 2015 წლის 9 თებერვალია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გასააზრდებლად, როდესაც ვსაუბრობთ რეფორმების პერსპექტივაზე, მათ დღევანდელ მდგომარეობაზე და მომავალზე. უნდა ვსაუბრობდეთ თუ არა ისევ ამაზე 2015 წლის 9 თებერვალს, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი საკითხი ამ მიმართულებით გასაკეთებელი იყო 1 წლის წინ, 2 წლის წინ, 3 წლის წინ, 5 წლის წინ და თუნდაც 15 წლის წინაც, რადგან ძალიან ბევრი თემა და საკითხი იყო ცხადზე უცხადესი, თუმცა ჩვენ სხვადასხვა გარემოების გამო, 2015 წლის 9 თებერვალს კიდევ გვიწევს საუბარი გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების მიმართულებით. ხაზს ვუსვამ – ფუნდამენტურ საკითხებზე. ჩვენ რომ ვსაუბრობდეთ გარკვეული საკითხების გაუმჯობესებაზე, აქ გასაკვირი არაფერი იქნებოდა, ვინაიდან ყველა სახელმწიფოში ასე ხდება ტექნოლოგიებიდან, ახალი გამოცდილებიდან გამომდინარე და ა.შ. მაგრამ პირველი, რაც ჩვენ ამ კონფერენციაზე უნდა გავიაროთ, არის ის, რომ გვაქვს დროსთან, ეპოქასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა. ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების ბრალი. ეს არ არის ერთი რომელიმე ხელმძღვანელი მუშაკის, მინისტრის თუ პროკურორის ბრალი, ეს არის ჩვენი, საზოგადოების განვითარების, იმ ლოგიკის ბრალი, რომელშიც აღმოვჩნდით – შესაძლოა 20 წლის წინ აღმოვჩნდით განვითარების იმ ლოგიკაში, რომელმაც დღემდე ამ ფუნდამენტური საკითხების მოგვარება ვერ შეგვაძლებინა",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.