ადვოკატთა ასოციაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურა წარადგინა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ადვოკატი დავით ასათიანი წარადგინეს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა ,,ჩვენ სრულად ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებსა და ნომინაციის პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და ადვოკატთა კორპუსი, თავისი კანდიდატის წარდგენით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი, კვალიფიციური და მაღალი რეპუტაციის მქონე პროფესიონალი, მიუკერძოებელი და პრინციპული ადამიანი, რომელსაც გააჩნია ხელმძღვანელობითი მუშაობის და მართლმსაჯულების სისტემაში საქმიანობის სათანადო გამოცდილება.
მიგვაჩნია, რომ დავით ასათიანის კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილება, რეპუტაცია და პიროვნული თვისებები სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მაღალ სტატუსს და იმედს გამოვთქვამთ, რომ არჩევის შემთხვევაში, ბატონი დავითი წარმატებით გაართმევს თავს ესოდენ საპასუხისმგებლო პოზიციაზე საქმიანობას".
პრესკონფერენციაზე დავით ასათიანმა ისაუბრა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე. კანდიდატმა აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმების ქვაკუთხედი ინდივიდუალური მოსამართლის როლის და დამოუკიდებლობის გაძლიერება უნდა იყოს, ხოლო სასამართლოების ხელმძღვანელების საქმიანობა სწორედ კონკრეტული მოსამართლეებისათვის სათანადო პირობებისა და მათ საქმეში ჩაურევლობის გარანტიების შექმნა უნდა იყოს, რაც მართლმსაჯულების ეფექტურად ადმინისტრირების წინაპირობა იქნება. მან ასევე ხაზი გაუსვა უზენაესი სასამართლოს, როგორც დოქტრინალური საკასაციო სასამართლოს როლის შენარჩუნებას და აღნიშნა, რომ ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებაა სწორედ უზენაესი სასამართლოს მთავარი ფუნქცია და რომ მაქსმალურად უნდა მოხდეს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიღება მრავალ სამართლებრივ პრობლემაზე, რაშიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ადვოკატთა კორპუსი და იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლები.
დავით ასათიანი არის ს.ს.ი.პ. "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ასოციაციის მუდმივი წარმომადგენელი "ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული გაერთიანებების საბჭოში" (ჩჩBE). მას გააჩნია 15 წლიანი წარმატებული საადვოკატო პრაქტიკა საქართველოს იურისდიქციის ყველა ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, ბიზნეს, კორპორატიულ და საოჯახო სამართალში. მას მიღებული აქვს პროფესიული გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატების, გაერთიანებულ სამეფოს, გერმანიის, ბელგიის და სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემების და იურიდიული პროფესიის მოწყობასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
2012-2013 წლებში ბ-ნი დავით ასათიანი იყო "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" თავმჯდომარე, რომელიც 40-მდე არასამათავრობო და პროფესიულ ორგანიზაციას აერთიანებს და რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმების და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის გაძლიერების პროექტების განხორციელებაში.
იგი სრულყოფილად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.