როგორ გახდა ნოდარ დუმბაძის ბიძაშვილი დიასპორის მინისტრი

როგორ გახდა ნოდარ დუმბაძის ბიძაშვილი დიასპორის მინისტრი

როგორ გახდა ნოდარ დუმბაძის ბიძაშვილი დიასპორის მინისტრი


რა საჭიროა ვეებერთელა შესავალი ანუ, როგორც ჟურნალისტები ვამბობთ ხოლმე, ლიდი, რომელიც ერთგვარი სტიგმაა? ჰოდა, დიასპირის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა დავგეგმე თუ არა, გადავწყვიტე, ლიდზე უარი მეთქვა... მერწმუნეთ, ამ არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს წაკითხვას ნამდვილად არ ინანებთ. მაშ ასე, მომყევით:
_ სახელი, გვარი, მამის სახელი...
_ გელა მამიას- ძე დუმბაძე...
_ დაბადების თვე და წელი...
_ 1965 წლის 13 ივნისი...
_ ოჯახური მდგომარეობა...
_ მყავს მეუღლე, ქალიშვილი და სამ წლის შვილიშვილი ნიკოლოზი...
_ აღმსარებლობა...
_ მართლმადიდებელი ქრისტიანი...
_ ეკას იცნობთ?
_ ბევრს...
_ ყუშიტაშვილსაც?
_ არა და არც მინდა, ვიცნობდე...
_ რატომ?
_ (იცინის) რატომ უნდა მინდოდეს?.. მალე 50 წლის გავხდები და ყოველთვის მახსენდება ოფიცრის ნათქვამი ,,დათა თუთაშხიადან'', დათა გალანტური კაცი იყო და გამიკვირდა, პორუტჩიკ რამიშვილის მატრაკვეცა და ტუტუც ცოლს რიგი რომ არ დაუთმო. დათამ მითხრა, ტუტუცებად კი არ იბადებიან, მერე ხდებიან და მათ ტუტუცებად ჩვენ ვხდითო... სხვათა შორის, სადიპლომო ნამუშევარი მუშნი ზარანდიაზე მაქვს დაცული. სახელმწიფო ინსტიტუციის უგულებელყოფა ან მისი უარყოფა ჩემთვის, როგორც ამ ქალაქის შვილისა და ადამიანისთვის, რომელსაც რაღაც უნახავს, მიუღებელია.
_ ისე, ეკამ რომ დაგირეკოთ, რას იზამთ?
_ ჩემთან მოვიწვევ და პედაგოგიურ-აღმზრდელობით სამუშაოებს ჩავუტარებ!
_ დადებითი თვისება...
_ წლების განმავლობაში, მოსმენა ვისწავლე...
_ სატელეფონო?
_ არა, ეგ სხვა მოსმენაა, მე ადამიანების პრობლემების გულით მოსმენაზე ვლაპარაკობ. სადაც არ არის მოსმენა, იქ არაა სიყვარული.
_ ესე იგი, სპეცსამსახურები სულ სიყვარულით გვისმენენ, არა?
_ ეს ყოვლად მიუღებელი, ნეგატიური და საზიზღარი საქციელია...
_ უარყოფითი თვისება, ოღონდ პირდაპირ მითხარით და არ დაიწყოთ, ეს სხვამ უნდა თქვასო...
_ იმდენი უარყოფითი თვისება მაქვს, რამდენიც გინდათ...
_ მაგალითად?
_ მაგალითად, გურული ვარ და ცოტა ვჩქარობ ხოლმე. ასევე არ მინდა, გოშას დავემსგავსო.
_ გოშაა ვინაა, ეკას ,,პონტშია''?
_ არა, ერთი რუსული ფილმის პერსონაჟია...
_ მიდრეკილება ლამბერსექსუალობისკენ ხომ არ გაქვთ?
_ ეს რა არის? ჩათვალეთ, ამ კუთხით ,,გოიმი'' ვარ...
_ აშკარად!
_ (გულიანად იცინის)
_ წელს მოდურად ლამბერსექსუალი ანუ წვეროსანდაუვარცხნელი მამაკაცი ითვლება... ვატყობ, თმას ვეღარ გაიზრდით _ ჩემი არ იყოს, სიმელოტისკენ გაქვთ მიდრეკილება... ოდესმე ,,სემსოროკი'' გიცეკვიათ?
_ არა!
_ ახალგაზრდობაში, დავიჯერო, აღვირახსნილი არაფერი გაგიკეთებიათ?
_ ,,სემსოროკი'' აღვირახსნილია?
_ თქვენს ახალგაზრდობაში ,,სექსუალურ ცეკვად'' ითვლებოდა...
_ ,,სემსოროკი'' არა, მაგრამ ბევრი თავისუფალი ცეკვა მიცეკვია, ახლაც ვცეკვავ და კიდეც ვიცეკვებ...
_ ციკნის მწვადი გიჭამიათ?
_ (გულიანად იცინის) ხადურიზმი შემოგაქვთ?
_ ხადური რა შუაშია?
_ სხვათა შორის, კარგი კაცია, თავი დაანებეთ...
_ თავი დანებებული მაქვს, უბრალოდ, ციკნის მწვადზე ხადური თქვენ გაგახსენდათ!
_ ყველას აქვს უფლება, ციკნის მწვადი ჭამოს.
_ რა თქმა უნდა, ოღონდ არა ბიუჯეტის ხარჯზე...
_ გეთანხმებით, ჩინოვნიკმა ბიუჯეტის ხარჯზე თავს გაუმართლებელი კომფორტის უფლება არ უნდა მისცეს. თუ ჩემს სახელზე რამე მსგავსს იპოვით, მაგალითად, პრემია ან დანამატი გამოვიწერე, თქვენი ზარი იქნება საკმარისი, რომ გადავდგე!
_ რა ამის პასუხია და, როგორც გავიგე, ირანი გყვარებიათ...
_ ირანში ნამყოფიც არ ვარ... უბრალოდ, ფერეიდნელ ქართველებთან მაქვს ურთიერთობა _ ამას წინათ, უკრაინის მხარდასაჭერად, უკრაინის საელჩოდან თავისუფლების მოედნამდე, მინი- მარათონი ვირბინეთ. სხვათა შორის, ფერეიდნელ და ინგილო ქართველებთან ერთად, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლიც გავიღეთ.
_ უკაცრავად, სხვა რამის კითხვას ვაპირებდი, მაგრამ თვალი მოვკარი _ კარადაში პრემიერის სურათი გიდევთ. რატომ?
_ (იცინის) ,,კონიუნკტურშჩიკი'' ვარ!
_ პრემიერის ახლობელი ხართ, არა?
_ ამას ვერ ვიტყვი... პრემიერი მაშინ გავიცანი, როცა მინისტრობა შემომთავაზა...
_ თუ პრემიერის ახლობელი არ ხართ, აბა, ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდით, მინისტრი რომ გამხდარიყავით, ხელი ვინ წაგიკრათ?
_ 16 წელი დიპლომატიაში ვმუშაობდი _ ოთხ საელჩოში მრჩეველი და უფროსი მრჩეველი ვიყავი, ბოლოს კი, უზბეკეთში ელჩის მოვალეობას ვასრულებდი...
_ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნაციონალების დროს იყავით?
_ რას ნიშნავს, ნაციონალების დროს?.. შევარდნაძის დროსაც ვიყავი, ნაციონალებისა და ფანჯიკიძისაც...
_ ბერუჩაშვილივით ყოფილხართ...
_ ბერუჩაშვილს ვერ მოვესწარი...
_ ეგ ვიცი, მაგრამ ისიც, თქვენი არ იყოს, ყველა მთავრობაშია ნამუშევარი...
_ ვერ დაგეთანხმებით...
_ ნუ დამეთანხმებით, ფაქტი ჯიუტია: 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მთავრობაში სხვადასხვა პოზიციაზეა...
_ დიპლომატია კონკრეტული დარგია და დიპლომატმა, რომელიც ვთქვათ, აზერბაიჯანშია მივლინებული, მთავრობა რომ შეიცვლება, რა ქნას, წავიდეს?!
_ არა, არ უნდა წავიდეს, მაგრამ არც ემოციურ გაუგებრობაში უნდა აღმოჩნდეს!
_ დიპლომატი თავისი დარგის ისეთივე ინჟინერია, მაგალითად, როგორც მშენებელი. საერთოდ, დიპლომატი ზეპარტიულია და, წესდებაში წერია, რომ პარტიული არ უნდა იყოს. რაც შეეხება ემოციურ გაუგებრობას, ეს ყველა პროფესიას ახლავს... სხვათა შორის, დღესაც თავს საკადრო დიპლომატად ვთვლი...
_ მერე, მინისტრობაზე რატომ დათანხმდით?
_ დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში მინდოდა დაბრუნება.
_ დაბრუნებულიყავით საქართველოში და მინისტრის მოადგილე გამხდარიყავით. პრინციპში, მინისტრი კი ხართ, მაგრამ მაინცდამაინც დიდი პასუხისმგებლობა არ მოგეთხოვებათ _ ემიგრანტები თქვენამდეც იყვნენ და თქვენს მერეც იქნებიან...
_ მინისტრობა არავისთვის მითხოვია.
_ ესე იგი, მინისტრობა ,,ჩაგიდეს''?!
_ ყოფილი მინისტრი ძალიან კეთილად წავიდა და ახლა ნიდერლანდებში ჩვენი ელჩია...
_ ვიცნობ _ კოტე სურგულაძე კარგი ,,ტიპია''...
_ მასთან დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს...
_ მსმენია, ნაციონალების დროს, ემიგრანტთა სამინისტროს ეგიდით, უცხოეთში, ქართველ ემიგრანტებზე ჩოხები იყიდებოდაო... სამინისტროში რა დაგხვდათ?
_ რაღაცები კეთდებოდა, რაც გაგრძელდა, განვითარდა და პროექტებს ახალი ნიუანსებიც დაემატა. ჩვენი მთავარი ამოცანა დიასპორის ცნობადობის გაზრდაა. მათი ყოფა სოციალური გმირობის ტოლფასია.
_ გმირობა რა შუაშია?
_ საზოგადოებამ ქვეყნის განვითარებაში დიასპორის როლი თუნდაც იმ თვალსაზრისით უნდა გაითავისოს, რომ ჩვენი ემიგრანტები საქართველოში ყოველწლიურად მილიარდნახევარ დოლარს რიცხავენ...
_ ბატონო გელა, ცუდი ამბავი უნდა გითხრათ...
_ მითხარით...
_ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში, დიასპორას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა შესთავაზა, ფულს გადაგიხდით და ქართველმა ემიგრანტებმა პუტინის მხარდამჭერი მიტინგი მოაწყვეთო. ხაზს ვუსვამ: ეს დადასტურებული ინფორმაციაა!..
_ ასეთი საუბარი სწორ ფორმად არ მიმაჩნია! სხვათა შორის, დიასპორის მინისტრს არ შეუძლია, რომელიმე ქვეყნის დიასპორაში ვინმე მოხსნას ან ყური აუწიოს... ეს ამბავი როდის მოხდა?
_ ზაფხულში...
_ ჩემი მინისტრობის დროს?
_ არა, ვიდრე თქვენ გამინისტრდებოდით...
_ (იღიმება) შვებით ამოვისუნთქე... საბიუჯეტო თანხების ხარჯვა გაწერილია და მაინტერესებს, ჩინოვნიკს, თუ ასეთი აზრი მოუვიდა, ფული როგორ უნდა გადაეხადა?
_ ამ ამბავში პრობლემა მხოლოდ საბიუჯეტო თანხებია?
_ არა, პრობლემა მორალია _ რას ჰქვია, ფულს გადაგიხდი, გამოდი და რუსეთს მხარი დაუჭირე ანუ გაიყიდეო? კონკრეტულ ფაქტებს თუ მომაწვდით, ზომებს დაუყოვნებლივ მივიღებ!
_ ბატონო გელა, იცით, ამ თემაზე ლაპარაკი რატომ დავიწყე?
_ ,,ოცნება'' თავს პროდასავლურად აცხადებს, მაგრამ ეგებ, თქვენს ხელისუფლებაშივე არიან ადამიანები, ვინც ძირს გითხრიან?
ვიდრე კითხვაზე მიპასუხებდა, მინისტრმა ხელი შოკოლადისკენ გააპარა. ჰოდა, მეც ჩავეკითხე:
_ ტკბილი გიყვართ?
_ კი, მიყვარს, მაგრამ ვიცი, არ შეიძლება.
_ მართალი ხართ
(ხელს ახლა ერთ-ერთი გამაგრილებელი სასმელისკენ აპარებს).
_ არც მაგის დალევა შეიძლება, ამბობენ, ქიმიააო...
_ იცით, ამ სასმელს რას ვეძახი? _ ბენზინს.
_ ჰოდა, თუკი იცით, რომ ბენზინია, როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, რაღას ეკვლევინებით? ქართული მინერალური ან ჩვეულებრივი წყალი მიირთვით, თან ჩვეულებრივი წყალი ჯანმრთელობისთვისაც კარგია და წონის კორექციისთვისაც...
_ ცხონებული მამაჩემი ისტორიკოსი გახლდათ და მეგობარი ეუბნებოდა ხოლმე, მამია, გურიაში რომ ჩაიყვან, შვილებს გუბაზეულის წყალი აუცილებლად დაალევინეო. ერთხელ, გურიაში რომ ჩავედი, ეს ნათქვამი გამახსენდა, გუბაზეულის წყალი დავლიე და კინაღამ ცუდად გავხდი...
_ დღეში რამდენ ლიტრ წყალს სვამთ?
_ დაახლოებით, ერთ ლიტრს...
_ ცუდია, გირჩევთ, მოუმატოთ!.. მოკლედ, ,,ოცნებას'' ძირს შიგნიდანვე ხომ არ უთხრიან?
_ მაქვს ინფორმაცია, რომ ,,ოცნებაში'', განსაკუთრებით, რეგიონებში ის ხალხი შევიდა, ვინც გუშინწინ სხვა პარტიაში იყო და ,,ოცნებას'' პრობლემებს უქმნიდა. ყველაფერს აკადემიური, მკაცრი და სერიოზული მიდგომა სჭირდება და უნდა იცოდე, შენს რიგებში ვინ შემოდის. თუ დღეს ამაზე თვალს ხუჭავ, ხვალ ისე დაგიბრუნდება, როგორც კონტრპროდუქცია. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილებზე ასეთი რაღაცები ხდება...
_ გულით ,,ოცნებელი'' ხართ?
_ გულით ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ!
_ მართლა ,,კონიუნკტურშჩიკი'' ბრძანდებით?
_ არა, წეღან ვიხუმრე...
_ შეიძლება, მაგრამ პრემიერის სურათს თვალი მოვკარი თუ არა, მიშას დრო გამახსენდა _ ყველა მინისტრსა თუ წვრილ ჩინოვნიკს სააკაშვილის პორტრეტი რომ ეკიდა...
_ ეს სურათი არ კიდია, კარადაში დევს _ თანამშრომელმა ჩარჩოში ჩასვა და დამიდო, რა მექნა?! თან კარგი სურათია _ ორივეს გვეღიმება!
_ ააა, ფოტოზე თქვენც ხართ აღბეჭდილი? _ მხოლოდ პრემიერის სახე ჩანს...
_ გაჩვენებთ და შეგიძლიათ, გაზეთშიც დაბეჭდეთო...
_ როგორ გურულად შემომაპარეთ, თუ გინდა, დაბეჭდეთო...
_ ნოდარ დუმბაძის მკვიდრი ბიძაშვილი ვარ... წყალს დალევთ?
_ რატომაც არა?! ბატონო გელა, თქვენი სამინისტროს ერთ-ერთი მიზანი, ლოგიკით, ემიგრანტების დაბრუნებაა, მაგრამ მე რომ ემიგრანტი ვიყო, სამშობლოში, სადაც ეკა ყველაზე მაგარი ,,ტიპია'' და სხვა უამრავი პრობლემაცაა, რატომ უნდა დავბრუნდე?
_ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, ემიგრანტთა დაბრუნებაა, მაგრამ ისინი ღირსეულად უნდა დაბრუნდნენ, თუმცა დღეს ქვეყანაში სათანადო პირობები არაა. დაბრუნება მოწოდებით კი არა, მრავალი სოციალურ- ეკონომიკური ასპექტის გათვალისწინებით ხდება. ჩვენი მიზანია, დიასპორას რეალური სურათი ჰქონდეს და თავისი თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნებაში ხელი შევუწყოთ. დიასპორებთან მართალი, გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს...
_ უცხოეთში მცხოვრებ შეძლებულ ქართველებს საქართველოში ინვესტიციების დაბანდებისკენ არ მოუწოდებთ? სხვათა შორის, ვიცი, ერთ თურქეთელ ქართველს სურს, თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა ისტორიულ სამშობლოს დაუტოვოს... 
_ ეს ქართველი სვიმონ ზაზაძეა... ბიბლიოთეკას ე.წ. ფოლოვ აფი სჭირდება!
_ ნოდარ დუმბაძის ბიძაშვილმა ქართულად რომ იმეტყველოს, არ შეიძლება?
_ ,,ფოლოვ აფი'' ანუ განგრძობითობა, თანმიმდევრობა, ჩაყოლა სჭირდება, თან ვთქვი, ე.წ. ფოლოვ აფი-მეთქი და, როცა ე.წ-ს ამბობ, შეგიძლია, ნებისმიერი აბრევიატურა გამოიყენო...
_ ერთი სოფლელი ბიჭი ვარ და ამდენი აბა, საიდან უნდა ვიცოდე? ისე, დედოფლისწყაროელი ვარ, თუმცა პრემიერის სურათი არ მაქვს...
_ გაიხარეთ, გაიხარეთ... ყველაფერი წინაა!.. ,,ფოლოვ აფს'' აღარ გამოვიყენებ.
_ ეს რა მორჩილი მინისტრი ხართ!
_ როცა მეკითხებიან, შენი მიზანი რა არისო, ვპასუხობ, მინისტრო რომ აღარ ვიქნები, რუსთაველზე ისე ლაღად გავიარო, როგორც ამას მთელი ცხოვრება ვაკეთებდი- მეთქი.
_ ბატონო გელა, მერწმუნეთ, ნამინისტრალს ქუჩაში ლაღად სიარულის პრობლემა არ გექნებათ, რამეთუ ხალხმა თქვენი კი არა, დიასპორის სამინისტროს არსებობაც არ იცის...
_ რა ვქნა? ვინმე გავლახო, რომ გამიცნონ?! თუ ვინმე დაინტერესებულია, ნახავს ჩვენს ვებგვერდს, შევა ფაცებოოკზე, ჩემს ინტერვიუებს წაიკითხავს და გაიგებს, რომ იმ საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინებით, რაც წელიწადში 600 ათასი დოლარია, მჩქეფარე ცხოვრება მიდის. სხვათა შორის, თანამშრომლებს ვუთხარი, არათუ ინვესტორები, მესამეკლასელი ბავშვიც რომ მოვიდეს და ჩემთან შეხვედრა ითხოვოს, შემოუშვით- მეთქი. ახლა უკრაინაში ვაპირებ წასვლას...
_ წამიყვანეთ!
_ გადაიხადეთ და წაგიყვანთ!
_ 600-ათასიანი ბიუჯეტი გქონიათ და კიდევ მე მახდევინებთ?
_ ამ თანხის დიდი ნაწილი ჩემი 35 თანამშრომლის წლიური ხელფასია.
_ 35 თანამშრომელი რისთვის გჭირდებათ?
_ მუშაობა საკმაოდ ეფექტურად ხორციელდება...
_ ...გინდათ, ცნობადი იყოთ?
_ არა, დავიღალე... ახალი თაობა შეიძლება, არ მიცნობს, მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს, როცა დავითგარეჯასა და სხვა სტუდენტური აქციები იყო, საკმაოდ ცნობადი ვიყავი და დიდების საყმაწვილო სენი მე-4-5 კურსზე გავიარე...
_ ემიგრანტი რომ იყოთ, გელა დუმბაძე, როგორც მინისტრი, მოგეწონებოდათ?
_ არ ვიცი... 12 წელი უცხოეთში ვიყავი...
_ უცხოეთში ემიგრანტის კი არა, დიპლომატის სტატუსით იყავით!
_ დიახ, მაგრამ ძალიან ბევრი ემიგრანტის ცხოვრება ნანახი მაქვს.
_ ნახვა ერთია, სამუშაოს ძებნის განცდა კი _ მეორე...
_ ეს თავის დროზე თბილისში მაქვს განცდილი. სახელმწიფო მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელსაც ყველაფერი მზამზარეული აქვს, ვერასოდეს ვერაფერს მიხვდება. მე კი, ქართველი ხალხის მსგავსად და მათთან ერთად, ყველაზე ცუდი წლები გავიარე...
_ ბატონო გელა, ნატო თუ რუსეთი?
_ ნატო!
_ ძალიან კარგი _ როგორც სახელმწიფო მოხელე, უკვე მომწონხართ!
_ რუსეთი ჩემთვის ლოგიკური სისტემა არაა!
_ რუსეთი ოკუპანტია?
_ რა თქმა უნდა!
_ აგაშენათ ღმერთმა!.. ნოდარ დუმბაძე გახსოვთ?
_ ძალიან კარგად... 14 წლის ვიყავი, როცა თავის 50 წლის იუბილეზე, ნოდარი თბილისიდან ჩვენს სოფელში, ზენუბანში გაიპარა და მასთან ერთი კვირა გავატარე. მახსოვს, მე და ცხონებულ მამაჩემს ,,მარადისობის კანონის'' ხელნაწერს გვიკითხავდა.
_ ნოდარ დუმბაძის სახელი რამეში დაგეხმარათ?
_ არა, თუმცა თვითონ მეუბნებოდა, ჩემი სახელი გამოიყენეო. ნოდარი რომ გარდაიცვალა, სამხედრო სამსახურს ვიხდიდი და ძალიან მომაკლდა... ანაზდეულად საუბრის თემა შეიცვალა. მინისტრმა იკითხა, დღეს რა დღეაო. ჩემდაუნებურად ისევ ეკა ყუშიტაშვილის სკანდალი გამახსენდა და ვიხუმრე, ეკაობიდან მეორე დღეა გასული- მეთქი. გელა დუმბაძემ გულიანად გაიცინა, თან დააყოლა, ოჰ, რა საზიზღარი ხარო.
_ ბატონო გელა, საზიზღარი რატომ ვარ?
_ ეს სითბოთი გითხარით...
_ ოჰ, რა ხართ ეს გურულები!.. მინისტრობამ თქვენს ცხოვრებაში რა შეცვალა?
_ კედლებზე ნახატებს ხომ ხედავთ?
_ დიახ...
_ ჰოდა, ვეღარ ვხატავ...
_ ესე იგი, მხატვრობით ხართ გატაცებული?
_ აი, მაგალითად, იმ ნახატს ,,სექსუალური მსხლები'' ჰქვია, მეორეს კი, _ ,,კატარინა ავტობანზე''...
_ მშვენიერი ნახატებია, სექსუალური აქცენტებით...
_ ამის გარეშე ცხოვრებაც ხომ ნაკლებად საინტერესოა?
_ ბატონო გელა, კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ?
_ დიახ, ჩემი სამშობლო უნიკალურია და ძალიან მიყვარს!
_ სამშობლოსაც უყვარხართ?
_ კი, ვუყვარვარ...
_ ბატონო გელა, რა ამის პასუხია და, სავიზო აკრძალვებმა განსაკუთრებული პრობლემა ინგილოებს შეუქმნათ...
_ ამ საქმეში ჩართულები ვიყავით _ ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა ინსტანციაში მიყვნენ და პრობლემა მოგვარებულია.
_ ისე, როგორ ფიქრობთ, სავიზო აკრძალვები გამართლებულია?
_ ქვეყანას თავისი იმიჯი და ღირსება უნდა ჰქონდეს. რა, სავიზო შეზღუდვები გერმანიაში ან დიდ ბრიტანეთში არ არსებობს?! როგორ ფიქრობთ, თქვენი სახლის კარი უნდა იკეტებოდეს?
_ სხვათა შორის, ცუდად იკეტება...
_ ჩვენი სავიზო რეჟიმიც, დაახლოებით, ასეა _ ცუდად იკეტება...
_ რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ემიგრანტს რას უპირებთ?
_ ურთიერთობისა და დიალოგისთვის კარი ყოველთვის ღია გვაქვს. იქ ბევრი დიასპორული ორგანიზაცია დაიხურა, ხალხი მოდის და გვეკითხება, რა ვქნათო.
_ მერე, რას ურჩევთ?
_ ახალგაზრდული კონტაქტების განვითარებას _ სადაც ახალგაზრდობა არაა, იქ არაფერი ხდება.
_ ოდესმე დადგება დრო, როცა ემიგრანტთა თუნდაც ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება?
_ აუცილებლად...
_ ემიგრანტების დაბრუნებას ,,ოცნება'' შეძლებს?
_ ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ... სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპული ქვეყანა უნდა ააშენოს, სადაც ცხოვრების დიდი ხიბლი იქნება...
_ როგორც ვიცი, ემიგრანტებში ნაცმოძრაობა ,,ოცნებაზე'' პოპულარულია...
_ რომელიმე ქვეყანაში შესაძლოა, ასეცაა...
_ ამას რით ხსნით?
_ ოთხი წელი კიევში ვმუშაობდი და უკრაინელები საქართველოს რეფორმებით, უფრო სწორად, რეფორმების ზედა ნაწილით აღფრთოვანებულნი იყვნენ, რადგან იმ ნეგატიურ პროცესებს, რის ხარჯზეც ეს ყველაფერი ხდებოდა, ვერ გრძნობდნენ. ისინი მხოლოდ შედეგებს აღიქვამდნენ და ნაცმოძრაობაც ამას ამბობდა, აი, ჩვენ შედეგს მივაღწიეთო. ნეგატიური პროცესები _ ღამით პროკურატურაში დაბარება თუ ქონების გასხვისება არც დიასპორას აქვს განცდილი.
_ ყველაფერი ეს ბელეტრისტიკაა _ ქონების წართმევისა თუ სხვა უკანონობის ერთი ფაქტიც არ დადასტურებულა...
_ ბევრი რამ დროს მოითხოვს, ბევრიც უნიათო შრომის შედეგია... ქართველ ხალხს კასრებში ნაპოვნი ვიდეომასალა რომ ენახა, დარწმუნებული ვარ, ყველაფრის სხვანაირი აღქმა მოხდებოდა... ისევ ტელეფონმა დარეკა. მინისტრმა ყურმილში ჩასძახა, კორესპონდენტი მყავს... კორესპონდენტიო. მივხვდი, თანამეცხედრე ურეკავდა. ყველა ზარს ვპასუხობო, _ მამცნო თანამოსაუბრემ. ჰოდა, თუ ყველა ზარს პასუხობთ, გადაგამოწმებთ- მეთქი...
_ ბატონო გელა, მომეჩვენა, რომ მეუღლეს ცოტა მკაცრად დაელაპარაკეთ...
_ სიყვარულით...
_ უხეშობა სიყვარულის გურული ფორმაა?
_ ვეუბნები, დაკავებული ვარ-მეთქი, ეტყობა, ვერ გაიგო და მაინც გააგრძელა...
_ რატომ გირეკავდათ?
_ რა ვიცი, რატომ მირეკავდა... ნუ გეშინიათ, კიდევ დარეკავს... ირინა ძალიან მიყვარს _ 27 წელია, ცოლ-ქმარი ვართ...
_ ესე იგი, 27 წელი ერთი ცოლი გყავთ?
_ დიახ...
_ რამდენჯერ უღალატეთ?
_ ღალატი რას ნიშნავს? _ გონებრივს, ფიზიკურს...
_ ორივეს...
_ გონებით ყველა შემოქმედი ადამიანი მოღალატეა...
_ თქვენზე კომპრომატები არსებობს?
_ არ ვიცი... ალბათ...
_ კასრებში?
_ ვანო, ისეთი პროფესიონალი ხართ, აქ რომ მოდიოდით, იცოდით, რომ ჩემზე კომპრომატი არ არსებობს... ვის რაში ვჭირდებოდი, კომპრომატები რომ შეექმნა?
_ ისე, დიასპორის სამინისტრო, როგორც მახსოვს, თავის დროზე მიშას ინიციატივით შეიქმნა...
_ დიახ, თუმცა სამინისტროს შექმნამდე, 1998 წელს, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟიორად ვიყავი, მაშინდელი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის სახელზე ვრცელი მოხსენებითი ბარათი დავწერე და სამინისტროში დიასპორის საკითხებზე მომუშავე სამმართველოს შექმნა ვითხოვე. შესაბამისი კონსულტაციები ცხონებულ გურამ შარაძესთან გავიარე, რომელიც პარლამენტში შესაბამისი ქვეკომიტეტის თავმჯდომარე იყო...
_ ესე იგი, მიშამ იდეა მოგპარათ?
_ არავის არაფერი მოუპარავს... სამინისტროს გახსნამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის სამმართველოს უფროსი ვიყავი... მოკლედ, კანონზომიერად მოხდა, რომ ამ ორგანიზაციის მინისტრი ვარ. თუ ხვალ და ზეგ ვიგრძნობ, ამ უწყების მუშაობა ეფექტური არაა, მის გაუქმებაზე მოხსენებით ბარათს პირველი მე დავწერ...
_ პოლიტიკოსი ხართ?
_ ვფიქრობ, ვარ, თუმცა ჩემი პოლიტიკოსობა კაბინეტით არ დაწყებულა.
_ აბა, რით დაიწყო?
_ სტუდენტობის დროს დავითგარეჯას აქციებით... მერე, ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლის დირექტორი და ძეგლთა დაცვის ახალგაზრდული გაერთიანების თავმჯდომარეც ვიყავი...
_ ყველა ქართველში მხოლოდ პოეტი კი არა, პრეზიდენტიცაა. თქვენი ჩინოვნიკობა ამ კაბინეტში დამთავრდება თუ უფრო ზევითაც წახვალთ?
_ არ ვთვლი, რომ აქ დამთავრდება, მაგრამ ზევით არ მინდა. ვცხოვრობ, ვცდილობ, ვიმოღვაწეო, ვიმოქმედო, წინაპრების მთავარი მემკვიდრეობა _ ბრძოლა და შრომა შევინარჩუნო და დინამიურ ტემპში ვიყო. აი, ასეთი ნატურა ვარ... მოკლედ, არც პრემიერობის სურვილი მაქვს და არც პრეზიდენტობისა.
_ კომპლექსები გაქვთ?
_ მთელი ცხოვრება კომპლექსებს ვებრძვი, მაგრამ ალბათ, მაინც მაქვს...
_ სხვების მსგავსად, თქვენც თვლით, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ჟურნალისტების ბრალია?
_ რას ჰქვია, ჟურნალისტების ბრალია და სხვა სექტორებს ხელიც დაუბანიათ? ჟურნალისტები იმისთვის იბრძვიან, მზისქვეშეთში თავიანთი ადგილი ჰქონდეთ.
_ თქვენ, ჩინოვნიკებიც ამისთვის იბრძვით!
_ რასაკვირველია!
დიასპორის მინისტრი მოთხრობებს წერს, სხვათა შორის, კარგად... საერთოდაც, გელა დუმბაძე უშუალო ადამიანია, თან იმდენად უშუალო, სამინისტროს კორპორატიულ საღამოზეც დამპატიჟა, შაბათს ,,ბულბულების ჭალაში'' ,,სალა- ფართს'' ვაწყობთ და წამოდითო. აუცილებლადმეთქი. მინისტრმა პიარსამსახურის ხელმძღვანელს იქვე უთხრა, ვანოს თუმანი არ დაადებინოთო. არა, რას ამბობთ, ბატონო გელაო, მიუგო თანამშრომელმა... შაბათისთვის არაფერი დავგეგმე _ ,,სალა- ფართისთვის'' ვემზადებოდი, მაგრამ... დიასპორის საკითხების სამინისტროდან არავინ შემხმიანებია... ალბათ, ,,პიკნიკი'' გადადო. ისე, რა დროს პიკნიკია, როცა გელა დუმბაძე, თავის გუნდთან ერთად, მართლაც, მაგარ იდეას ამუშავებს _ უნდა, თბილისთან ახლოს, მიწის მიტოვებულ ნაკვეთზე ე.წ. დიასპორული სოფელი გაშენდეს, სადაც უცხოეთში მცხოვრები ქართველები ფულს დააბანდებენ... ჩვენს ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად სწორედ ინვესტიციები სჭირდება! 

ვანო პავლიშვილი
წყარო: „ვერსია“ 09.02.2015 წ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: