ლია ელიავა: მინისტრი ხადური რეალობისგან შორს დგას
მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსის დარეგულირება დღემდე პრობლემად რჩება, ამ ფონზე ფინანსთა მინისტრი 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. როგორც ნოდარ ხადურმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უკვე გადახედა.
"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი იყო 4% და გახდა 4,2%. ჩვენი პროგნოზი დღეისთვის 5%-ია, მაგრამ ჩვენ ცხადია, ვმუშაობთ ყველა რისკის გაანალიზებაზე ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. იმის მიხედვით, თუ რა სიტუაცია იქნება, მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებებსაც," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით "ივერიონი" ეკონომიკის ექსპერტს, ლია ელიავას ესაუბრა. ექსპერტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ხუთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ვერანაირად ვერ იქნება.
"ვვარაუდობ, რომ ზრდა იქნება დაახლოვებით 3%-ის ფარგლებში, თუ ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება 4%-მდე მაშინ შესაძლებელი იქნება ხუთ პროცენტიანი ზრდა იქნას მიღწეული. ეროვნული ბანკის პროგნოზები არასდროს არ მართლდება, ფინანსთა სამინისტროს ვუსურვებ წარმატებებს იმ რეკომენდაციიების და პროგნოზების ფონზე რომელსაც მას აძლევს საქართველოს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკის პროგნოზები ყოველთვის შორს დგას ინფლაციის რელურ მაჩვენებლებთან, ამიტომ მათზე დაყრდნობით ეკონომიკური გეგმების შემუშავება მე არასწორად მიმაჩნია."